
გახარიას გუნდის წევრს შვილთან ერთად თავს დაესხნენ
31/12/2021 13:37:32 სამართალი
ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია ამბობს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ. თავდასხმა 30 დეკემბერს საღამოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა, როდესაც თორია შვილთან ერთად გარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიოდა.
თორია იხსენებს, რომ სასაფლაოს მიმდებრე ტერიტორიაზე მათ ორი მანქანა მიუახლოვდა, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პირი და თავდაპირველად გზის ჩვენება ითხოვეს:
"ამ მომენტში მეორე პიროვნებამ, რომელიც შემოვიდა სასაფლაოს ეზოში, დამიმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტის ტიპის, რის შემდეგაც ხმამაღალი დაიწყო ყვირილი, დაწექით, დაწექით. ამ დროს მოხდა ჩემსა და ჩემს მცირეწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობა. მე იმთავითვე, როგორც კი ფიზიკური ძალადობა დაიწყო, ვეუბნებოდი, რომ ვიღაცაში ვეშლებოდი, ერთ-ერთმა კი მიპასუხა, რომ არავისში ვეშლებოდი და ზუსტად იმ მისამართზე იყვნენ, რასაც ეძებდნენ. ასევე, გამართული, კუთხური აქცენტის გარეშე მოსაუბრე პიროვნებამ მითხრა, რომ უბრალოდ არასწორ პოზიციაზე ვიდექი, არ ვოკდებოდი და ამიტომ ძალადობდნენ ჩემზე და შვილზე".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, 151-ე მუქარა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანება.