Accentnews.ge
გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა დროებით ჩაიკეტა

გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა დროებით ჩაიკეტა

17/05/2019 14:25:37 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ისევ ჩაიკეტა,– ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა იუწყება, რომელიც ამ დროისთვის გარეჯში იმყოფება. საუბარია დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ნაწილზე. 

როგორც ქაცარავა ამბობს, ამ დროისთვის ბილიკი ნებისმიერი პირისთვის არის ჩაკეტილი, რომელიც საქართველოს მხრიდან გადაადგილდება. 

"ჩვენ ფაქტობრივად, უდაბნოს შუა გზამდე ვართ ამოსულები, აქვე დგანან ჩვენი მესაზღვრეები და მათ ძალიან ზრდილობიანად აგვიხსნეს რომ ამ ეტაპზე უდაბნოს მონასტერთან ასვლა შეუძლებელია,– განაცხადა დავით ქაცარავამ, რომელიც გარეჯში ადგილობრივებთან ერთად პატრულირებს.  

როგორც დავით–გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი "აქცენტთან" საუბრისას განმარტავს, ბილიკი დროებით არის ჩაკეტილი. 

"როგორც გვაცნობეს, სადაო ტერიტორიის მიდამოებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხალხმრავლობა რომ აეცილებინათ თავიდან, ორი დღე გვთხოვეს – 16 და 17 მაისი. ამიტომ ბილიკი დროებით არის ჩაკეტილი. გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ",– განაცხადა სასულიერო პირმა.  

ადგილობრივი გიდის ზვიად ანანიაშვილის განცხადებით, მოქალაქეები ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის გადაწყვეტილებას ელიან.  

"უკვე 2 დღეა საზღვრის დადგენა მიმდინარეობს. მუშაობენ ქართული და აზერბაიჯანული მხრიდან კომისიები და ველოდებით გადაწყვეტილებას. 2 დღეა ვერტმფრენები დაფრინავენ. ცუდია, ბილიკი რომ ჩაიკეტა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილებას ველოდებით. მთავარია ისე მოხდეს შეთანხმება, რაც ხალხის მღელვარებას ჩააწყნარებს. თუ ასე გაგრძელდა, სიტუაცია დაიძაბება, როგორც ჩანს, იქეთაც [აზერბაიჯანული მხარე] მიხვდნენ ამას. მთავარია, რომ რაღაც პროცესი დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა. დაველოდოთ. მთავარია, ჩვენ ყველანი მობილიზებულები ვიყოთ",– განაცხადა ანანიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ განახლებული კომისია გასულ კვირას დაამტკიცა. ქართულ ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. პირველი შეხვედრა ბაქოში 14 მაისს შედგა. როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მიუღებელია საკითხის ირგვლივ ნებისმიერი სახის პროვოკაციები": 

"მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, ხოლო დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკას დაუბრუნდებიან შემდეგ შეხვედრაზე.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას“.

მანამდე, 14 მაისს ამ თემაზე ბრიუსელში მყოფმა საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს კომენტარები.

როგორც აზერბაიჯანის  საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, არსებობს იდეები, რომლებიც აზერბაიჯანული მხარისთვის მისაღებია.  

"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ვცდილობთ, კითხვები მოვაგვაროთ. არსებობს გარკვეული იდეები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ. საუბარია 2–ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე, დანარჩენი ტერიტორიის ელიმინაცია დასრულებულია. კომისია რუქის დახმარებით იმუშავებს და როდესაც პროცესი დასრულდება, ჩვენ უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი ისე, რომ ორივე მხარე მოგებულ პოზიციაში დარჩეს. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“ - განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ელმარ მამადიაროვმა.

ქართველმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის.

„იმედი მაქვს, ეს შეხვედრა კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება. ამის თქმის საფუძველს აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაციაც მაძლევს. ისინი მზად არიან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის,“ - განაცხადა მაშინ დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც ქართველი მინისტრი ამბობს, მნიშვნელოვანია, არსებული მდგომარეობა ცალკეულმა მხარეებმა არ გამოიყენონ.

„არ შეიძლება, რომ ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, აქ დამარცხებული იქნება საქართველო, დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, იხეირებს ის ძალა, რომელსაც ძალიან სურს, რომ გააღვივოს მწვავე ურთიერთობა. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის შემდგომი გამწვავება“, -აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის: სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის  – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დავით-გარეჯის თემა მორიგი მღელვარების საგნად 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. გზა 27 აპრილს გაიხსნა. იმავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ ბაქო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე ყოველთვის იყო და მზადაა, პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს.

„აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე  წყდება. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო და მზად არის, უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აბდულაევამ.

1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დროულად დადგენის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა.

„[...] ის, რაც მოხდა დავით–გარეჯში, ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. [...] მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია, გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს? ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით​. არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 1938 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამას დღეს, 2 მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი კომენტარი მოჰყვა.  

„ერთ–ერთი დოკუმენტი, რომელზეც აპელირებენ, 1938 წლის სქემატური ხასიათის რუქაა მასშტაბით 1:500 000. ეს რუქა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მიიღეს. 1942 წელს სსრკ–მა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუქის შესახებ მასშტაბით 1 : 100 000. გარდა ამისა, არსებობს რუქა, რომელიც 1963 წელს საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუქას ეყრდნობიან და დღემდე ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის მომხრეა, იმედოვნებს, რომ ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება და თავისი მხრიდან ამისთვის  მზადაა“. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S