ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები დაასახელა

05-01-2022 10:03:56 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული რეგიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებს მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ესაუბრა.

ოსური მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მოსწავლეებმა მას ჰკითხეს, რა პროფესიები უნდა აირჩიონ, რომ სარგებელი მოუტანონ დე ფაქტო რესპუბლიკას.

„თითოეულ სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოთხოვნადია. ჯანდაცვის სექტორში - თერაპევტები, ქირურგები, სოფლის მეურნეობაში - აგრონომები, ვეტერინარები. ამ პროფესიების რეიტინგი დაბალია, მაგრამ სარგებელი მაღალია. და რომ იყოთ სათანადო დონეზე, თქვენ გჭირდებათ სერიოზული ცოდნა. განათლების მიმართულებით გვჭირდება ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, მათემატიკოსები. ვინ ასწავლის ჩვენს შვილებს მომავალში, თუ არავინ აირჩევს მასწავლებლის პროფესიას“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, პრესტიჟული პროფესიების დევნაში მშობლები შვილებს საბაჟო საქმის შესასწავლად აგზავნიან, ხოლო სამედიცინოზე სტომატოლოგიის მიმართულებით:

„ბევრი მშობელი, რომელიც შვილებს საბაჟო საქმის შესასწავლად აგზავნის, ამას მატერიალურ კეთილდღეობასთან აკავშირებს. 70-ზე ცოტა მეტი ადამიანი მუშაობს საბაჟოზე და ამჟამად დაახლოებით 50 სწავლობს ამ მიმართულებით. მე მაქვს შეკითხვა: „სად დავასაქმოთ ისინი. ამგვარად, ბევრი რჩება უმუშევარი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები