
"ენერგო-პრო": "მესტიაში დენის მოხმარება არ შემცირებულა"
05/01/2022 10:08:00 რეგიონები
რეგიონებში ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში „ენერგო–პრო–ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მესტიაში დენის მოხმარება არ შემცირებულა.
როგორც კომპანიაში განმარტეს, მოსახლეობა იმავე მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს ახალი წლის დღეებში, რასაც მანამდე მოიხმარდა.
მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა. მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გახარჯული დენის საფასურს არ იხდის, ამასთან, კრიპტოვალუტების გამომუშავების - მაინერების ჩართვის გამო იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. დენის ჭარბი მოხმარების გამო ზამთარში ზიანდება სადენები და მოსახლეობა დენის გარეშე რჩება.
ელექტროგამანაწილებელი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, რომ ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაშია. ამის გამო მოსახლეობას დენის გათიშვის შესახებ წინმსწრებად აფრთხილებდა:
"ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე… მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად".
30 დეკემებერს მესტიელებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდებოდა.