ბაიდენი კაპიტოლიუმზე შტურმზე პასუხისმგებლობას ტრამპს აკისრებს

06-01-2022 19:22:24 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2021 წლის 6 იანვარს ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმზე პასუხისმგებლობას ტრამპს აკისრებს.

„ერთი წლის წინ, ამ წმინდა ადგილას დემოკრატიას თავს დაესხნენ. ეს იყო თავდასხმა ხალხის ნებაზე. ჩვენი კონსტიტუცია უმძიმესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პირველად, აშშ–ის ისტორიაში პრეზიდენტმა უბრალოდ კი არ წააგო არჩევნები, იგი ცდილობდა ხელი შეეშალა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის", – განაცხადა ბაიდენმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის წლისთავზე გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ტრამპმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე.

"ტრამპმა ეს გააკეთა იმიტომ, რომ ძალაუფლებას პრინციპებზე მეტად აფასებს. ეს გააკეთა იმიტომ, რომ მისთვის საკუთარი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის. ის ვერ აღიარებს, რომ წააგო. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების 93–მა სენატორმა, ტრამპის მიერ დანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, მისივე ვიცე-პრეზიდენტმა, გუბერნატორებმა და სახელმწიფო მოხელეებმა თქვეს, რომ ტრამპი დამარცხდა. ეს არის ის რაც 81 მილიონმა ამერიკელმა გააკეთა და ხმა მისცა წინსვლას", – განაგრძო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა მეამბოხეების და დონალდ ტრამპის ქმედებებს "არაამერიკული" უწოდა.

ბაიდენმა თავისი გამოსვლა დაასრულა მისი მიერ ხშირად გამეორებული ფრაზით: "ჩვენ ვართ ბრძოლაში ამერიკის სულის გადარჩენისთვის".

"ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელშიც ღვთის მადლით და ამ ერის სიკეთითა და სიდიადით გავიმარჯვებთ. მე ვიცი, რა რთულია დემოკრატია. მე სრულიად მკაფიო ვარ იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ამერიკა აწყდება. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ჩვენმა ყველაზე ბნელმა დღეებმა შეიძლება, მიგვიყვანოს სინათლემდე და იმედამდე“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის: 6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. შტურმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერი.

ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან გამართულ მიტინგზე თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, სადაც არაერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

"დემოკრატიულმა პარტიამ" თავდასხმის წაქეზებაში სწორედ ტრამპი დაადანაშაულა, რის გამოც წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტს იმპიჩმენტიც გამოუცხადა. თუმცა სენატმა ტრამპი დამნაშავედ არ სცნო და იმპიჩმენტი ვერ შედგა.

კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეთა ნაწილი ფულადი ჯარიმით დააჯარიმეს, ნაწილს კი 5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები