მამუკა ხაზარაძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს

11-01-2022 11:51:09 ადამიანი და კანონი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დასკნითი სხდომა დაიწყო.

რეპლიკების და საბოლოო სიტყვების წარმოთქმამდე მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს დარბაზი დაატოვებინა. მიზეზი პროკურორთან კამათი გახდა. ხაზარაძე და ბრალმდებელი ერთმანეთს შეურაცხყოფაში ადანაშაულებნენ.

მამუკა ხაზარაძემ პროკურორს უთხრა, რომ მან 3 წელია, ვერაფერი ისწავლა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროკურორი "უიმედო შემთხვევაა".

პასუხად პროკურორმა თქვა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ "3 წელია, ზრდილობა ვერ ისწავლეს".

სწორედ ამის შემდეგ მიმართა მოსამართლემ ხაზარაძეს:

"ბატონო მამუკა, დატოვეთ სხდომა".

თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაძლოა დღეს, 11 იანვარს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს ან მოსამართლემ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული ვადა ითხოვოს და განაჩენის გამოცხადების თარიღი დანიშნოს.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მათი შეფასებით, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები