
ჯაფარიძე, ხაზარაძე და წერეთელი სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ
12/01/2022 07:10:58 სამართალი
„ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე თაღლითობის გაგრძელებად აფასებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება აპელაციის წესით, რადგან მისი თქმით, არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
"ეს ბრძოლა ღირს, რასაც ჩვენ გავდივართ, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ახლა ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმიტომ, რომ ცხადია არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის. რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობიდან, თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა ამ პასუხისმგებლობისგან.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს.
ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რასაც სჩადიოდა პროკურატურა, რადგან დანაშაულის ნიშანწყალი არ ყოფილა",– განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომელსაც თვალს პარტიის ოფისიდან ადევნებდა.
გადაწყვეტილება სიყალბედ შეაფასა პარტიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე.
"პროკურატურას ფულის გაეთრების საქმე თავზე ჩამოემხო, მაგრამ რადგან მამაჩემი ციხეში არ გაუშვეს, არ ნიშნავს, რომ არ გავასაჩივრებთ. ბოლმდე ვიბრძლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის",– განაცხადა ავთანდილ წერეთლის ვაჟმა ვატო წერეთელმა.
ადვოკატი მამუკა კორძაძე დარწმუნებულია, რომ საქმეს შემდეგ ისტანციებში პერსპექტივა არ აქვს.
„გადაწყვეტილება იყო ბრალდების მხარისთვის სახის შენარჩუნება. კიდევ უფრო უცნაურია, რომ თავად პროკურატურას თაღლითობასთან დაკავშირებით საქმის არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი. სამარლებრივად კიდევ ფრო უცნაურია, რომ საქმეში დაზარალებული არ არის – თაღლითობა ის მუხლია, რომელსაც დაზარალებული სჭირდება, ვინც მოაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ, ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს შემდგომ ინსტანციებში და ეს საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება“,– განაცხადა ადოკატმა მამუკა კორძაძემ.
ცნობისთვის: მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ავთანდილ წერეთელს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადაუკვალიფიცირა, განუსაზღვრა 7–7 წლიანი პატიმრობა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, სასჯელისგან გაათავისუფლა.
პროკურორი ირწმუნება, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარს ყველა მტკიცებულება გაიზიარა და "უბრალოდ მუხლი გადააკვალიფიცირა", მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაში თაღლითობაზეა საუბარი და არა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, რასაც ბრალდება ედავებოდა ბრალდებულებს.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებათ.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.