საქალაქო სასამართლო: "ინსპექტორის სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს"

12-01-2022 15:47:41 ადამიანი და კანონი

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება სასამართლოს 11 იანვარის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.

სასამართლოს მტკიცებით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული - ერთი თვე. საჩივარი სასამართლოში შევიდა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს. ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

ამავე განცხადების თანახმად, სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს - გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები“.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობას აცხადებდა. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები