მოსკოვი ვაშინგტონთან მოლაპარაკების გაგრძელების საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს

14-01-2022 11:50:47 მსოფლიო

რუსეთი უარყოფითად აფასებს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა შექმნილ ვითარებას ჩიხური უწოდა და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში მოლაპარაკების გაგრძელების საფუძველს ვერ ხედავს.

რიაბკოვი მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც 10 იანვარს ჟენევაში გაიმართა.

13 იანვარს მან RTVI-ს ეთერში განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ფაქტობრივად, უარს ეუბნებიან „გადამწყვეტ ელემენტებზე“. ხოლო ის საკითხები, რომელთა შემდგომ განხილვას ეთანხმებიან, მათი მნიშვნელობის და სერიოზულობის მიუხედავად, რიაბკოვის თქმით, მეორეხარისხოვანია თუნდაც, ნატოს გაფართოებასთან შედარებით.

როგორც რიაბკოვი ამბობს, მთავარი პრობლემაა, რომ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები არანაირი სახით და არანაირი მიზეზით არ არიან მზად, გადადგან შემხვედრი ნაბიჯი რუსეთის მთავარი მოთხოვნების საპასუხოდ, რომელიც ნატოს გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის ყოველთვის დიალოგის მომხრეა, რადგან კონფრონტაციას ყოველთვის დიალოგი სჯობს და იმედი ყოველთვის ბოლოს კვდება, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ ამ შემთხვევაში, ეს შესაძლებელი იქნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები