შვედეთმა რუსეთის ქმედების გამო კუნძულ გოტლანდის დაცვა გააძლიერა

15-01-2022 08:36:29 მსოფლიო

ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ გოტლანდზე, რომელიც შვედეთის ეკუთვნის, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ზომების მიღება რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდამ გამოიწვია.

კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ვიბსის, ქუჩებში პატრულირებენ ჯავშანტრანსპორტიორებით და ქვეითად მოძრავი სამხედროების გაძლიერებული განაწესები.

სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით სულ ქალაქში გამოყვანილია 10 ჯავშანმანქანა და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი. ამას გარდა ქალაქში ელოდებიან დამატებითი ძალების შესვლასაც.

შვედეთის მთავრობამ ამ ზომებს მას შემდეგ მიმართა, რაც სკანდინავიის სრუტის გავლით ბალტიის ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამი დიდი სადესანტო გემი შევიდა. ეს ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული სამხედრო სამზადისისა და მოსკოვის მიერ ულტიმატუმის სახით მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიების“ გამო ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

შვედეთი არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდროდ თანამშრომლობს რიგ სფეროებში. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან დაწყებული, ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სამხედრო გაწვევა, ხოლო კუნძულ გოტლანდზე კვლავ დაბრუნდა სამხედრო გარნიზონი. რუსეთის კალინინგრადის ოლქიდან გოტლანდი დაახლოებით 200 კილომეტრით არის დაშორებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები