17-05-2019 21:35:02 სხვა ,მულტიკულტურული საქართველო
ეთნიკური უმცირესობებიდან საქართველოს საკუთარ სამშობლოდ ყველაზე მეტად ოსები და ქისტები მიიჩნევენ, ქართულიც ყველაზე უკეთ მათ იციან - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა.
გამოიკვეთა, რომ სიღარიბე ეროვნული უმცირესობებისთვის უფრო მძიმე პრობლემაა, ვიდრე, ზოგადად, მოსახლეობისთვის. ასევე პრობლემად რჩება ქართული ენის უცოდინრობა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.
„ტექსტის გაგებაა ყველაზე სუსტი რგოლი, ყველაზე დიდი პრობლემა ენის მხრივ არის აზერბაიჯანელებში. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკური პარტიები გაუცხოებულები არიან ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ხოლო თვითმმართველობებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ღრმა ნაპრალია“, - ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც კვლევა წარადგინა.
ამავე კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეთნიკურ ჯგუფებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაახლოებით ისეთივე უნდობლობაა, როგორიც - რუსეთის ხელისუფლებისა. ამასთან, გამოკითხულთა 13 პროცენტი ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებებიდან იღებს.
ეთნიკურ ჯგუფებში 28 პროცენტის შემოსავალი 200 ლარამდეა, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მაჩვენებელი.
კვლევა „ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ღია საზოგადების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.
წყარო: რადიო თავისუფლება