საია: გამოძიება გელათის დაზიანების ფაქტზე არასრულყოფილად მიმდინარეობს

18-01-2022 17:41:30 სამართალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიმდინარე გამოძიების თაობაზე. ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2020 წლის ოქტომბერში მიმართა.

ორგანიზაცია თვლის, რომ გამოძიება ამ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე არასრულყოფილად მიმდინარეობს.

ამის თქმის საფუძველს ორგანიზაციას შემდეგი გარემოებები აძლევს:

  • გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს არა გენერალური პროკურატურა, არამედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ იძიებს სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტს. მიმდინარე გამოძიება ძეგლის დაზიანებისა და თანხების შესაძლო მითვისების ფაქტებზეა ფოკუსირებული.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების კომპეტენცია და პრაქტიკა.
  • ორგანიზაციამ გენერალურ პროკურატურას მიაწოდა სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ამ უწყების მხრიდან გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდა.

საია ითხოვს, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მიმდინარე შედეგების შესახებ, ასევე, სისხლის სამართლის საქმე, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და გამოძიება დაინტერესდეს სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტითაც.

მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის მონასტრის სარებილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. რეაბილიტაციისას, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა - დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი.

გელათის მთავარი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 2021 წლიდან დაიკეტა ვიზიტორებისთვის, სახურავი დროებითი საფარის ქვეშაა და ექსპერტები შიშობენ, რომ წვიმამ ინტერიერი შეიძლება კვლავ დააზიანოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები