
ფაცაცია – დევნილის თვითმკვლელობაზე: "პასუხისმგებელი ბევრია, მათ შორის – მიმდინარე აჟიოტაჟი"
18/01/2022 14:05:13 პოლიტიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია მიიჩნევს, რომ სანატორიუმ "ქართლში" ერთ-ერთი დევნილის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებელია "ბევრი პირი, მათ შორის აჟიოტაჟი, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს".
"ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. გულწრფელად მინდა, ვთქვა, რომ მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. პირველ რიგში, გავიზიარე დევნილთა პრობლემები და ავედი მათთან, მათი პრობლემების გასაზიარებლად", - ამბობს ფაცაცია.
ფაცაციამ "TV პირველს" განუცხადა, რომ სამძიმარზე არ ყოფილა, რადგან იქ არიან "ნაციონალური მოძრაობის პროვოკატორები, რომლებიც დევნილების ინტერესებს იყენებენ".
16 იანვარს თემქაზე, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო.