„თურქ პარტნიორებს შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ უკრაინელებზე“ – კრემლში ერდოღანის შეთავაზებას პასუხობენ

19-01-2022 16:04:43 ევროპა

მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში დახმარების გაწევა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

„მთავარი უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავშირებულია სწორედ კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებასთან. თუ ჩვენს თურქ პარტნიორებს შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ უკრაინელებზე და უბიძგონ მათ, შეასრულონ ადრე მიღებული შეთანხმებები, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პრობლემური საკითხების განსახილველად თურქეთში მიიწვია.

თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ანკარა მზადაა, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პლატფორმა.

იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი უახლოესი კვირების განმავლობაში უკრაინაში ჩავა და პარალელურად თურქეთის ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაში იქნება რუსეთის მთავრობასთან, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სამხედრო მოქმედება, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„არ არსებობს სწრაფი გადაწყვეტილებები ამ ტიპის დიდი, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური საკითხებისთვის, რადგან, დიახ, ეს ეხება უკრაინას. მაგრამ სხვა გაგებით, ეს არის ბევრად უფრო დიდი საკითხი, ბევრად უფრო დიდი რამ დევს აქ სასწორზე. თურქეთი ხელმისაწვდომია ნებისმიერი როლისთვის დაძაბულობის შესამცირებლად რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც თურქეთი, როგორც რუსეთის და უკრაინის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ასევე როგორც ნატო-ს მოკავშირე“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

მანამდე, 18 იანვარს თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილ კრიზისს და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანს.

ამასთან, მას არარეალისტური უწოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის სცენარს:

"უკრაინაში რუსეთის შეჭრა არარეალისტური სცენარია, რადგან უკრაინა ჩვეულებრივი ქვეყანა არ არის – ის ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა გადახედოს სიტუაციას მთელ მსოფლიოში და საკუთარი მდგომარეობას".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი პოლიტიკის ისტორიიდან უნდა გაქრეს:

"ეს ყველაფერი არ გამოდგება მსჯელობის გამოყენებით: "მე დავიკავებ ადგილებს, ავიღებ მათ".

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საკითხის განხილვის აუცილებლობას.

შეგახსენებთ, რომ ნატო–ს წევრი თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ყირიმის უკანონო ანექსიას. პრეზიდენტმა ერდოღანმა ოქტომბერში შესთავაზა მხარეებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი კონტაქტზეა როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და აღნიშნა, რომ ანკარამ ორივე მხარეს სიმშვიდის შენარჩუნება და სიტუაციის დეესკალაცია ურჩია. პირველად საპასუხოდ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ანკარას შეთავაზება მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას და თქვა: „ფაქტია, რომ რუსეთი არ არის დონბასში კონფლიქტის მხარე. ასეთ სამიტზე შეუძლებელი იქნება პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა“. თავის მხრივ, უკრაინა მიესალმა ანკარის განცხადებებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც დაგვეხმარება ამ ომის დასასრულებლად, უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებაში, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება".

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვეა, უკრაინის საზღვართან რუსეთს სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული. ამასთან, კრემლმა ნატო–ს ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე იურიდიული გარანტიების გაცემას და ფაქტობრივად რეგიონის მის გავლენის სფეროდ აღიარებას გულისხმობს. აღნიშნულის თაობაზე სამი შეხვედრა შედგა გასულ კვირაში დასავლელ და რუს დიპლომატებს შორის.

თეთრ სახლში განაცხადაეს, რომ ფლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი პროვოკაციას გეგმავს უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად საბაბის შექმნისთვის. დასავლეთი რუსეთს "მაღალი ფასის" შესახებ აფრთხილებს.

იხილეთ ასევე: ბლინკენი: "რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე შეტევაუმოკლეს დროში დაიწყოს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები