„ინტერვენცია რუსეთისთვის კატასტროფა იქნება“– ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი შესაძლო შედეგი დაასახელა

20-01-2022 10:06:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია რუსეთისთვის „კატასტროფა“ იქნება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ასეთ შემთხვევაში შეეჩეხება დასავლეთის სანქციებს, „რომლებიც აქამდე არ უნახავს“.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინმა იცის, რას გააკეთებს. ჩემი ვარაუდით, ის შევა [უკრაინაში], მაგრამ მას ეს ნაბიჯი ძალიან დააზარალებს. მას არასდროს უნახავს სანქციები, რომლის დაწესების პირობა მე მივეცი, თუ ის მოქმედებას გადაწყვეტს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გააკეთებს ის. თუ ეს უმნიშვნელო შეჭრა იქნება, ჩვენ მოგვიწევს კამათი, თუ რა გავაკეთოთ და რა არა, მაგრამ თუ რეალურად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვარზე თავმოყრილი ძალებით, თუ ისინი კვლავ შეიჭრებიან უკრაინაში, ეს კატასტროფა იქნება რუსეთისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული რუსეთს და მის ეკონომიკას. მე მაინც მჯერა, რომ რუსეთს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი, რადგან ვიცი, სერიოზურ ფასს გადაიხდის, თუ ახლა არ გადაიფიქრებს“,– განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

აშშ–ის ლიდერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი შესაძლო შედეგი დაასახელა: მისი თქმით, რუსეთის ბანკები ვეღარ შეძლებენ ოპერაციების წარმოებას დოლარებში.

ბაიდენმა აღიარა, რომ რუსეთი დიდ სამხედრო უპირატესობას ფლობს უკრაინასთან შედარებით და, სავარაუდოდ, ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. მაგრამ მისთვის ამას ექნება უსიამოვნო შედეგები - როგორც მყისიერი, ისე გრძელვადიანი.

ბადენმა ისაუბრა რუსეთის მიერ ახლახან წამოყენებულ მოთხოვნებზე, რომ უკრაინას უარი ეთქვას ნატოში მიღებაზე.

მან განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ალბათ ვერ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა რუსეთის გამო, არამედ იმიტომ, რომ, ბაიდენის თქმით, ის ამისთვის ჯერ არ არის მზად.

უკანასკნელ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის თაობაზე, მას მერე, რაც უკრაინის საზღვართან გამაგრდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება და ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ჟენევასა და ბრიუსელში.

პარასკევს ჟენევაში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები