
ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას ნუ მიეცემა რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო
20/01/2022 06:10:05 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, პანიკას ნუ მიეცემა რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის საფრთხის გამო.
მისი თქმით, მას გულწრფელად სწამს, რომ ის არ დაიწყება.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე „ერთი დღის წინ“ არ გაჩენილა. საფრთხე არ გაზრდილა, მაგრამ უკრაინის მიწაზე თავდასხმის მაგივრად მოსკოვი უკრაინელთა „ნერვებს ესხმის თავს“.
"ახლა მთელი საინფორმაციო სივრცე სავსეა ერთი და იგივე სახის ინფორმაციით რუსეთთან ომზე, რომ შემოჭრა შეიძლება, დაიწყოს ხვალ. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს.
და რა ხდება სინამდვილეში? ამ რეალობის წინაშე ხო 8 წელია ვდგავართ? შეჭრა 2014 წელს დაიწყო. საფრთხე ახლა ხომ არ გამოჩნდა? ეს რისკები მრავალი წელია არსებობს და არ გაზრდილა, გაზიარდა აჟიოტაჟი. მნიშვნელოვანია ყველაფერზე გონივრულად რეაგირება და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გადავჭრათ დიპლომატიური გზით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინაში მშვიდობას მივაღწიოთ. [...]
„ჩვენმა ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა გაიგონ ეს. ამოისუნთქონ და დამშვიდდნენ. არ გაიქცნენ წიწიბურასა და ასანთის მოსამარაგებლად. რა გააკეთოთ? ერთადერთი რამ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი გონება, საკუთარი ძალების, საკუთარი არმიის, ჩვენი უკრაინის რწმენა.
დიპლომატიური და სადაზვერვო წყაროების მრავალრიცხოვანი მონაცემების თანახმად, რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს. კრემლი ომისთვის მზადებას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ განაგრძობს საზღვართან ჯარების თავმოყრას, რასაც ის საკუთარ კანონიერ უფლებას უწოდებს",– განაცხადა ზელენსკიმ.