სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

20-01-2022 12:00:54 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ კვეთაში ხელშეწყობისთვის დაკავებული ოთხივე პირი: ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მათ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000- 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.

მანამდე დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო.

საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება არის ის, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

მოწმეების, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავო გახადა ყველა მტკიცებულება".

ცნობისთვის: გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები