წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

20-01-2022 13:57:04 პოლიტიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ 20 იანვარს მორიგ შეკრებაზე შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ოპოზიციის მიერ სხდომაზე დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს – პარტია “საქართველოსთვის” წევრს კორნელი სალიას კანდიდატურას მხარი ისევ ოპოზიციამ დაუჭირა. ის 14 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა “ქართულმა ოცნება”, თუმცა პარტიის წარმომადგენლები სხდომას ესწრებოდნენ.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიციას, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, “ნაციონალური მოძრაობასთან” "წარმატებული გაერთიანება" მიულოცეს.

ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, წალენჯიხელების ინტერესების გათვალისწინებით, კონსტრუქციულად იმუშავებს ყველა პარტიასთან, მათ შორის “ქართულ ოცნებასთან”.

კორნელი სალიას თქმით, ახლა უმთავრესია, მუნიციპალიტეტი გამოვიდეს კრიზისიდან და საკრებულომ მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი დროულად.

ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ თანამდებობების გადანაწილება თანაბარი პრინციპით მოხდება და პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება.

ამასთან, ამბობს, რომ მისი მოადგილეები იქნებიან ენმ–დან, "ქართული ოცნებიდან" და "ლელოდან".

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 11 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას "საქართველოსთვის" 3, ხოლო "ლელოს" 1 დეპუტატი. 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები