სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ყველაზე აქტიურად გამოყენებული ხუთი დეზინფორმაციული ნარატივი გამოაქვეყნა

21-01-2022 10:42:11 ეს საინტერესოა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რუსეთის მიერ თავის თავის გასამართლებლად მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურად გამოყენებული ხუთი დეზინფორმაციული ნარატივი:

თავის წარმოჩენა უდანაშაულო მსხვერპლად და აგრესიის გასაღება აშშ-ის და მისი დემოკრატიული მოკავშირეების ქმედებებზე იძულებით პასუხად

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ სიყალბის გასამყარებლად რუსეთის იყენებს მის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ იარლიყს - რუსოფობიას

2014 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მთავრობა და მის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებები რუსოფობიაში ადანაშაულებდნენ ყველას, ვინც რუსეთის ქმედებებში ეჭვი შეიტანა და ირწმუნებოდნენ, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში შეჭრაზე საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფითი რეაქცია გამოწვეული იყო მხოლოდ რუსეთისადმი სიძულვილით. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მთავრობა „რუსოფობიას“ მტკიცებულებად იყენებს ყოველთვის, როცა მსხვერპლად თავის წარმოჩენა სურს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში აგრესორია.

რუსეთის მიერ ისტორიის დამახინჯების მცდელობა, როცა ისტორია არ შეესაბამება კრემლის პოლიტიკურ მიზნებს

ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის 1939 წელს გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელმაც ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, პუტინის რეჟიმისთვის პოლიტიკურად არახელსაყრელი აღმოჩნდა, ამიტომ 2020 წელს, პუტინმა წარმოადგინა მეორე მსოფლიო ომის დაწყების დამახინჯებული ვერსია და პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნებს დააკისრა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუსეთი ასეთივე ფორმულას იყენებს სხვა ისტორიული ფაქტების მიმართაც.

ცრუ მტკიცებები იმის შესახებ, რომ დასავლური ცივილიზაცია ინგრევა და დასავლეთმა უარი თქვა ტრადიციულ ფასეულობებზე და რომ კოლაფსი გარდაუვალია

მაგალითად მყვანილია პრეზიდენტ პუტინის მტკიცება, რომ დასავლეთმა პრაქტიკულად გააუქმა ცნებები „დედა“ და „მამა“ და მის ნაცვლად შეცვალა ისინი „მშობელი 1 და 2“, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი წერდა, რომ დასავლელი სტუდენტები „სკოლაში სწავლობენ, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო“.

სახალხო მოძრაობები აშშ–ის მიერ არის დაფინანსებული

სახდეპის თანახმად, კრემლს უჭირს აღიარება, რომ ყველა ადამიანს სურს, გამოხატვის თავისუფლება და მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავისი ხალხის წინაშე.

რუსეთი ადანაშაულებს შეერთებულ შტატებს საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, მოლდოვაში, უკრაინაში და მთელ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში აჯანყებების წაქეზებაში ან „ფერადი რევოლუციების“ მოწყობაში.

თუ პოპულარული მოძრაობა არის დემოკრატიისა და რეფორმის მომხრე და არ შედის რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, კრემლი ხშირად თავს დაესხმება მის ლეგიტიმაციას და აცხადებს, რომ მის უკან ფარულად შეერთებული შტატები დგას.

ეს უსაფუძვლო ბრალდებები ხშირად მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიის დისკრედიტაიას, რომელიც ამხელს ადამიანის უფლებების დარღვევას და კორუფციას.

რეალობის ისე წარმოჩენა, როგორც ეს თავად სურს

ამ მიზნით, კრემლი ხშირად ცდილობს შექმნას ყალბი რეალობა და მის მიერ კონტროლირებულ მედიას და სოციალურ ქსელებს იყენებს ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებისა და მანიპულაციისთვის, რათა ყურადღება გადაიტანოს ამა, თუ იმ მოვლენაში რუსეთის რეალური მონაწილეობიდან. ერთ-ერთ ასეთ მოვლენად დასახელებულია 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები