ადვოკატები სააკაშვილის ეტაპირების ამსახველ კადრებს ეცნობიან

21-01-2022 14:52:50 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდნენ.

უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ადვოკატები ვიდეო–მტკიცებულებებს გაეცნობიან, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანაა ასახული.

როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, კადრების შესწავლის შემდეგ არა მხოლოდ არაადამიანური მოპყრობის, არამედ წამების კვალიფიკაციის საკითხიც დადგეს:

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, რომ ხელმისაწვდომობა გვაქვს საქმის მასალებთან. პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორს. ჩვენ არ ვიცით შინაარსი, არც ქრონომეტრაჟი, არც ის ვიცით, ეს უწყვეტი კადრებია თუ დაჭრილი. აქამდე არაფერი არ გვინახავს. რაც ვნახეთ, ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაჭერილი კადრები, რომლებიც რეალობას არ ასახავს, თუმცა, რაც ვნახეთ, იქიდანაც იკვეთება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. თუმცა, დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება, უკვე წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მასალა ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები