„შენი აშენებული როა, იმიტომ დაგჩხავიან თავზეო“ – რა დეტალები აღმოაჩინეს ადვოკატებმა სააკაშვილის ეტაპირების ამსახველ კადრებში

21-01-2022 16:04:16 სამართალი

ადვოკატებმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი კადრების გაცნობა დაასრულეს, რისი ნებაც მათ სახელმწიფო ინსპექტორმა დართო.

კადრების გაცნობის შემდეგ ნიკა გვარამიამ რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩანს ადამიანი მოტყუებითაა გადაყვანილი, უარს აცხადებს მკურნალობის მიღებაზე და ითხოვს, „უკან მიმაბრუნეთო“. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, „ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლე ვიზიტიაო“, ატყუებენ, „მალე შემოვლენ ადვოკატები და ოჯახის წევრებიო“. შეყვანის კადრები ძალიან მძიმე სანახაობაა – ძალის გამოყენებაა. რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის.

თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა სანახავად და რაც მთავარია ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი და უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე გიორგაძე, რომელიც ეუბნება, „შენი აშენებული როა, იმიტომ დაგჩხავიან თავზეო“, ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე ის ხდებაო".

„შუმოკზე“ გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემაც:

„არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის, როდესაც სააკაშვილი მიჰყავთ, როგორ ხდება პატიმრების მიერ ორგანიზებული დახვედრა. ისმის ხმაც – „ძმებო მოვიდა, დავიწყოთ“. ვინ შეატყობინა [პატიმრებს სააკაშვილის გადაყვანა] ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი შეძახილის შემდგომ იწყება ორგანიზებული შეურაცხმყოფელი შეძახილები მთელი ციხის მასშტაბით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები