რეპრესიები აფხაზეთში: რატომ ემსგავსება “სულის ქვეყანა” პუტინის რუსეთს?

21-01-2022 18:12:49 კონფლიქტები

ყოფა აფხაზეთში, რომელსაც ოდესღაც პოეტურად “სულის ქვეყანა” უწოდეს, დიდი ხანია, აღარაა პოეტური. ხოლო სიტუაციას, რომელიც იქ ბოლო დროს ყალიბდება, ძნელად თუ შეურჩევ თუნდაც პროზაულ სახელს ისე, რომ არავის აწყენინო. პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, ენერგეტიკული პრობლემები, რომლებსაც ბოლო დროს ეპიდემიოლოგიურიც შეემატა, ფაქტობრივად ჭამენ იმ რეალობას, რომლის გამოც აფხაზეთს ოდესღაც “სულის ქვეყანა” შეარქვეს. პერიოდულ პოლიტიკურ ბატალიებს, ისევე, როგორც მმართველი ძალების შემდგომ ცვლას ჯერ არასდროს მოუტანია სიკეთე ხალხისთვის, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, თვალს ადევნებს, როგორ ცდილობს მორიგი ოპოზიცია მორიგი მმართველი ძალის შეცვლას, რათა მიზნის მიღწევის შემდეგ ხალხი ზუსტად ისევე დაივიწყოს. ქცევის ამ მოდელს, რომელსაც სრულად იცავენ ამჟამინდელი პოლიტიკური მხარეებიც, მოსახლეობა უკვე შეეჩვია. მაგრამ ბოლო დროის ზოგიერთი პროცესი, რომელიც უკვე მონათლეს რეპრესიებად, აფხაზეთისთვის მოულოდნელობად იქცა.

მათთვის, ვინც საქმის კურსში არაა, მოკლედ ავხსნი, რას გულისხმობენ რეპრესიებზე საუბრისას. იგულისხმება გასული წლის შემოდგომით მომხდარი, აფხაზეთისთვის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა “შსს”-ს წარმომადგენლებმა “მინისტრის” თანდასწრებით (თუ არა უშუალო მონაწილეობით) ომის ვეტერანები, მათ შორის შშმპ უმოწყალოდ ცემეს; ორი ქალის დაკავება მმართველი ძალის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკულ ინტერნეტ-პუბლიკაციებთან დაკავშირებით; მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ფარული ზეწოლის შემთხვევები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც პერიოდულად არაოფიციალურად ჟონავს; ხელკეტების გამოყენება ოპოზიციის მიერ 2021 წლის 21 დეკემბერს ლოზუნგით “აფხაზეთს არ გაგაყიდინებთ!” გამართული მიტინგის მონაწილეთა მიმართ, ორ დღეში - 23 დეკემბერს ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ “მასობრივი არეულობების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობის”, ასევე “ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის” მუხლებით სისხლის სამართლის საქმეების აღძრვა, ხოლო უკვე 2022 წლის 8 იანვარს – “წინასწარი გამოძიების ფარგლებში” რამდენიმე აქტივისტის დაკავებაც მათი შემდგომი გასამართლებით.

ამ საქმეების იურიდიული ნიუანსების ანალიზს არ შევუდგები – ახლა მათში არაა საქმე. საუბარი იმაზეა, რომ უკმაყოფილოთა “დაშოშმინების” მსგავს მეთოდებს აფხაზეთში ამ დრომდე ნამდვილად არ იყენებდნენ. “თავის დროზე ჩვენც არაერთხელ გვქონია საქმე მსგავს სიტუაციებთან, შტურმებთან, არეულობებთან, ავტომაგისტრალების გადაკეტვასთან და ა.შ., მაგრამ რეპრესიული მეთოდებისგან ყოველთვის გვაკავებდა ბევრი რამ: სიტუაციის კიდევ მეტად დაძაბვისა და ეროვნებათაშორის თუ გვართაშორის კონფლიქტამდე მიყვანის, ასევე საპოლიციო რეჟიმად ქცევის შიში», – აცხადებენ ოპოზიციაში.

მაგრამ ბჟანიას გუნდის პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ზემოთთქმულმა ბევრი სხვაც შეაშფოთა და დაძაბულობის გამიზნული ესკალაციის შთაბეჭდილება ჩამოაყალიბა. საკითხს აქტიურად განიხილავენ რიგითი მოქალაქეებიც:

ხოლო ამჟამინდელი ოპოზიციის უკვე არაერთგზის გამოვლენილი სისუსტის გათვალისწინებით, საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არა იმდენად ძალაუფლების დაკარგვის შიშს, რამდენადაც სულ სხვა რამეს უკავშირდება – უფრო მასშტაბურსა და სახიფათოს:

ეჭვები გაამწვავა იმ გარემოებამაც, რომ რეპრესიებად მონათლული პროცესების დაწყება დროში დაემთხვა ჯერ - მოსკოვში, ხოლო შემდეგ უკვე თავად სოხუმშიც რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის “აუცილებლობის” შესახებ საუბრების გააქტიურებას, ასევე რიგ სხვა პროცესებს, რომლებიც “სტრატეგიული მეგობრის” მიერ აფხაზეთის შთანთქმაზე მიუთითებს. მმართველი გუნდი, თუ განცხადებით “მოგვიწევს, სუვერენიტეტი რუსეთს გავუნაწილოთ” ვიმსჯელებთ, მოსკოვმა უკვე დაიყოლია, აი აფხაზურ საზოგადოებაში კი შთანთქმაზე თანახმა ყველა როდია. მაშასადამე, დროა, დაიწყოს მასების დემორალიზება უკმაყოფილოთა ხმების აქტიური ჩახშობით – რათა მსოფლიომ არ შეიტყოს, რომ რუსეთის ნაწილად ქცევა აფხაზეთის მოსახლეობის სრული უმრავლესობის დაუოკებელ სურვილს სულაც არ წარმოადგენდა.

რეპრესიების დაწყება დროში დაემთხვა აფხაზური “საგარეო უწყების” ხელმძღვანელად კრემლის კადრის – ინალ არძინბას დანიშნვასაც. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად ადგილობრივი და საერთაშორისო NGO-ების წარმომადგენლები შეკრიბა, რათა მოეთხოვა მათთვის, ამიერიდან თითოეული ნაბიჯი მას შეუთანხმონ. მეტიც, საახალწლო დღეებმა ჩავლა ვერ მოასწრო – და არძინბამ განმეორებითი შეხვედრა ჩაატარა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრისას ამჯერად ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორიცაა “დაუშვებელია”, “მიუღებელია”, “უკანონოა”, “ვკრძალავთ”. და ეს სრულად ეწერება მოვლენათა ლოგიკის ერთიან სურათში: მოსკოვს, რომელიც თავს უკვე აფხაზეთის მფლობელად თვლის, ანექსიურ გზაზე წინაღობები არ სჭირდება, ამდენად, დანარჩენ სამყაროსთან აფხაზეთის ურთიერთკავშირის ყველა სხვა წყარო უნდა აღმოფხვრას.

საერთაშორისოების ნაცვლად, კრემლი და მისი ადგილობრივი კადრები აფხაზ ხალხს საკუთარ “NGO”-ებს სთავაზობენ. ამ უკანასკნელთა პროპაგანდირებით სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში უკვე აქტიურადაა დაკავებული უამრავი “ტროლი”, რომელიც ამავდროულად მოსკოვის სხვა სურვილებსაც ლობირებს: “რუსეთს საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს აფხაზეთის მთავრობაში. ეს კრედიტების გამოყოფის აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს. თანაც ეს აღარ უნდა იყოს უსასყიდლო ფინანსური დახმარება. ეს უნდა იყოს კრედიტები იმის სანაცვლოდ, რაც რუსეთს სჭირდება და აწყობს – სხვა შემთხვევაში მუდმივად ვალში ვიქნებით მის წინაშე. რუსეთის ინტერესთა სფეროში კი შედის, რაღა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული ობიექტები: პორტები, აეროდრომები, გზები, გენერაცია, კავშირგაბმულობა და სხვა. აფხაზეთი ვალდებულია ასევე, შექმნას პირობები რუსული NGO-ების მოქმედებისთვის. ეს ეხება უპირველესად, NGO-ებს, რომლებიც იმუშავებენ მედიასთან, საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ ბლოგერებთან. ამასთან, ეს NGO-ები ყოველმხრივ დაცულები უნდა იყვნენ და გავლენათა ნებისმიერი ჯგუფისთვის ხელშეუხებლად გამოცხადდნენ”. როგორც იტყვიან, უკომენტაროდ. და რას უქადის ეს ყველაფერი აფხაზეთს, ნათელია.

სიტყვისა და აზრის თავისუფლება, რომელიც გულისხმობს ინდივიდის უფლებას, თავისუფლად ჩამოიყალიბოს პოზიცია, დაიცვას იგი და ასევე თავისუფლად გამოხატოს, დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნიშანია. მისი ფასეულობა იმითაა განპირობებული, რომ ეს თავისუფლება პიროვნების სხვა კონსტიტუციური უფლებების რეალიზების აუცილებელი პირობაა, უპირველესად – პოლიტიკურ სფეროში. ამასთან, თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში სიტყვისა და აზრის თავისუფლების ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ მედიაზე წვდომის პირობებშია შესაძლებელი – და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ამ უკანასკნელმაც მძლავრი განვითარება ჰპოვა. მაგრამ ამავდროულად პროგრესიებს ამ თავისუფლების კონტროლის მცდელობებიც ცენზურის, წვდომის შეზღუდვის, რიგ შემთხვევებში კი ძალისმიერი აქტების სახით მათ მიმართ, ვისი შეხედულებებიც მმართველი რეჟიმების მიერ საფრთხის შემცველად აღიქმება.

სწორედ ამას ვადევნებთ თვალს თანამედროვე რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში, რომლებმაც მოსკოვს მათზე საკუთარი გავლენის გავრცელების შესაძლებლობა მისცეს. სიტყვისა და აზრის თავისუფლება რუსეთის კონსტიტუციის 29-ე მუხლით კვლავინდებურად არის დაცული, თუმცა ბოლო წლებში მიღებულმა არაერთმა დამატებამ და შესწორებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ამ თავისუფლების დაუსჯელად რეალიზება ნებისმიერი მედიასაშუალების, NGO-ს, პოლიტიკოსის, აქტივისტისა თუ გნებავთ, რიგითი მოქალაქის მიერ, რომელიც მმართველი ძალის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. სახელმწიფო სათათბირომ ამ ნაწილში კანონმდებლობა უკვე რამდენჯერმე გაამკაცრა. შედეგად ხელისუფლებისთვის დისკომფორტული ნებისმიერი ორგანიზაცია - NGO იქნება ეს თუ მედიასაშუალება, დღეს უკვე დაკანონებულ რეპრესიებს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულმა სამყარომ პუტინის რეჟიმის მსგავსი ქმედებები უკვე არაერთგზის დაგმო და მმართველ ძალას როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ისე უფლებადამცველებისა და ზოგადად განსხვავებული აზრის მქონეთა დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რეპრესიები წარმატებით გრძელდება.

ასე, მაგალითად, გასული წლის მიწურული რუსეთში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის – საერთაშორისო საზოგადოება “მემორიალის” დახურვით აღინიშნა, რომელიც მანამდე, სხვა უამრავი NGO-ს მსგავსად, “უცხოეთის აგენტად” გამოცხადდა. ამასთან, Free Russia Foundation-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი დევნის გამო რუსეთი 1,5 ათასზე მეტმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა დატოვა ოჯახებთან ერთად. პოლიტიკური ემიგრაციის ტალღა 2021-ის გაზაფხულზე აგორდა, როცა დაიწყო ზამთრის ოპოზიციური მიტინგების მონაწილეებთან ძალოვანების “ვიზიტები”. მაშინ, პროექტ "ОВД-Инфо"-ს (ასევე “უცხოეთის აგენტადაა” გამოცხადებული) მონაცემებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 200-ზე მეტ მოქალაქეს დაეკისრა, ზოგიერთ აქტივისტს კი – სისხლის სამართლებრივიც, “მასობრივი არეულობების ორგანიზების”, “გზების გადაკეტვისა” და “კორონავირუსული შეზღუდვების დარღვევის” ბრალდებების საფუძველზე. გამოცემა "Коммерсант"-ის გათვლით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საკოორდინაციო შტაბების (რუსეთში “ექსტრემისტულ ორგანიზაციებად” არიან გამოცხადებულები) 38 ხელმძღვანელიდან თითქმის ნახევარმა ქვეყანა უკვე დატოვა და იგივეს გეგმავს დარჩენილი ნაწილიც. მთლიანობაში კი, ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთიდან უკვე 4-დან 5 მილიონამდე ადამიანია წასული და მათი 2/3 (64%) მიზნად “უსაფრთხოების გარანტიას” ასახელებს.

იმედი ვიქონიოთ, რომ აფხაზეთში, რომელიც უამრავი პრობლემის მიუხედავად, დემოკრატიის თვალსაზრისით მაინც ბევრად უსწრებდა პუტინის რუსეთს, საქმე აქამდე არ მივა. თუმცა ბოლოდროინდელი პროცესები ოპტიმისტური პროგნოზების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები