იყიდება აფხაზეთი?

21-01-2022 21:53:45 კონფლიქტები

აფხაზეთში ამ დრომდე არ ცხრება სკანდალი ალექსანდრე ტკაჩოვის განცხადების ირგვლივ, რომელიც მან გასული წლის მიწურულს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, “პრემიერ” ალექსანდრე ანქვაბის, “მთავრობისა” და “პარლამენტის” წევრთა თანდასწრებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. საქმე ეხება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო/საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ბიჭვინთაში, ზღვის სანაპიროსა და ფიჭვნარის დასავლეთ ნაწილში, ჯამში 45 ჰექტარ ფართობზე, რომელიც, როგორც ტკაჩოვს წამოსცდა, მისმა კომპანიამ “შეიძინა”.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება და სამ წელს გასტანს, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი 20 მლრდ რუბლს (270 მლნ დოლარზე მეტს) შეადგენს.

კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორი, რუსეთის სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი, რომელმაც საზოგადოებას არაერთი სკანდალური თუ კურიოზული განცხადებით დაამახსოვრა თავი, უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის ხელისუფლებას ჩამოშორდა. ახლა იგი სასოფლო-სამეურნეო გიგანტ “ნ. ტკაჩოვის სახელობის აგროკომპლექსს” მართავს, რომელიც 2020 წელს 653 ათასი ჰა მიწით რუსეთის უმსხვილეს მიწათმფლობელთა სამეულში შევიდა. რუსული მედიის მონაცემებით, მსგავსი კეთილდღეობისკენ სწრაფვისას ტკაჩოვი “მეზობლების” შთანთქმის იმ მეთოდებს იყენებდა, რომლებიც მთელს რუსეთში ფართოდაა აპრობირებული .

“საკითხი უკვე შეთანხმებულია ბანკებთან, რომლებიც პროექტს დააკრედიტებენ», – განაცხადა 27 დეკემბრის პრეზენტაციაზე ტკაჩოვმა. ამასთან, მან შეაქო აფხაზეთის ხელმძღვანელობა “რუსული მხარისთვის მიცემული თანხმობის” გამო. «[...] აფხაზეთმა უნდა დაიბრუნოს ტურისტულ ბაზარზე უწინდელი დიდება. მაგრამ მხროლოდ საკუთარი ძალით მოქმედება ჩიხში შეგიყვანდათ და ის, რომ ფსონს რუს ინვესტორზე დებთ, აბსოლუტურად სწორია” – აღნიშნა ტკაჩოვმა და იქვე წამოსცდა, რომ 45 ჰა უნიკალური ტერიტორიის “გამოსყიდვა მოახერხა».

სწორედ ეს იქცა შემდგომი სკანდალის ძირითად მიზეზად. აფხაზური “კონსტიტუციისა” და “სამოქალაქო კოდექსის” თანახმად ხომ მიწა ხალხის საკუთრებას წარმოადგენს და ყიდვა-გაყიდვას არ ექვემდებარება.

სოცქსელები აბობოქრდნენ, “ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივმა კავშირმა “აიააირამ” კი აფხაზეთის ხელმძღვანელობას საჯარო ახსნა-განმარტებები მოსთხოვა და არც “სახალხო შეკრების” გამართვა გამორიცხა. «ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მიწისა და უძრავი ქონების გასხვისებას. გვარწმუნებდნენ, გაყიდვაზე - არა, მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზეაო საუბარი. მაგრამ რეალურად, მიმდინარეობს მიწით ვაჭრობა, თანაც კოლოსალურ მასშტაბებში. აფხაზეთი აუქციონზეა გატანილი», – ნათქვამია “აიააირას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მალევე ვითარების განმუხტვა “სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის” ხელმძღვანელმა ბესლან კუბრავამ სცადა, თუმცა მისმა განცხადებამ საზოგადოება არათუ ვერ დაამშვიდა, პირიქით: როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ 2006 წლის 6 ოქტომბერს აფხაზურ “პარლამენტს” მიუღია “სპეციალური” კანონი – და ყოფილი სსრკ-ის “სახგეგმის” დაუსრულებელი დასასვენებელი კომპლექსი მოსკოვის მერიას გადაეცა, ხოლო “მიწის შესახებ” კანონისა და “სამოქალაქო კოდექსის” თანახმად, კომპლექსთან ერთად მის უვადო სარგებლობაში გადავიდა ტერიტორიაც, რომელზეც ეს ნაგებობები იდგა. “ამგვარად, უვადო სარგებლობის უფლება მოსკოვის მერიას მიენიჭა. ტკაჩოვმა კი, როგორც ჩანს, იგულისხმა, რომ შემდგომში მერიამ ეს უფლება მის ორგანიზაციას დაუთმო. მე ასე გავიგე საკითხი. ასე, რომ მიწის კლასიკური გაგებით გაყიდვაზე საუბარი არ არის» - განაცხადა კუბრავამ.

ოდნავ მოგვიანებით თავად სს “მოსკვა რეზორტმა» დაიწყო მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ მიწის ნაკვეთი ბიჭვინთაში კომპანიას იჯარის უფლებით აქვს მიღებული, ტკაჩოვის სიტყვები კი “არასწორად იქნა ინტერპრეტირებული». თუმცა ხალხი ვერც ამან დაამშვიდა.

ან რა გასაკვირია?! - მართალია, ჩახლართული სქემის წყალობით მიწის კლასიკური გაგებით გაყიდვაზე საუბარი თითქოს არაა, მაგრამ აფხაზეთში ყველას ესმის, რომ ელიტური ტერიტორია, რომელიც მანამდე აფხაზეთს ეკუთვნოდა, ახლა რუსეთის საკუთრებად იქცა და ნაკლებ სავარაუდოა, “ინვესტორებმა”/”მოიჯარეებმა” ოდესმე მისი დაბრუნება ისურვონ. მით უფრო, რომ მოსკოვს ადრეც არაერთხელ “გამოუვლენია ინტერესი” ბიჭვინთის (და არა მარტო) მიწების მიმართ და ამ “ინტერესის” გამო სახალხო მღელვარება აფხაზეთში ტკაჩოვის სკანდალამდე ბევრად ადრე დაიწყო.

მისვლა იმ დასკვნამდე, რომ “სტრატეგიულ პარტნიორებს” შორის ურთიერთობები, “მეგობრობის, მშვიდობისა და თანხმობის” შესახებ რუსი და აფხაზი ჩინოსნების მტკიცებების მიუხედავად, უკვე მნიშვნელოვნად იყო შერყეული, მათ შორის – მიწაზე რუსების პრეტენზიების გამო, ჯერ კიდევ გასული წლის წაფხულში იყო შესაძლებელი, როცა აფხაზეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მთელმა რიგმა წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ეს პირველი ღია გალაშქრება იყო რუსეთის მიერ აფხაზური მიწის მიტაცების წინააღმდეგ. საქმე კი “ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის” რუსეთის ”დაცვის სახწლმწიფო სამსახურის” (ФСО) საკუთრებაში გადაცემას ეხებოდა. აფხაზურ “პარლამენტს” მაშინ წარედგინა “ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე უძრავი და მოძრავი ქონების რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” პროექტი, რომლის თანახმად, ФСО (რომელიც, სხვათა შორის, უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს ექვემდებარება) 1 პირობით რუბლად ისაკუთრებდა 184 ჰა ელიტურ მიწას და ზღვის მიმდებარე აკვატორიას. ამასთან, რუსეთი იძენდა საკუთრების უფლებას ყველა იმ შენობა-ნაგებობაზეც, რომელიც ამ ტერიტორიაზე სამომავლოდ აშენდებოდა, ანუ, არსობრივად, ბიჭვინთის მთელი აღმოსავლეთ ნაწილის მფლობელი ხდებოდა. სრული “ბედნიერებისთვის” კი დოკუმენტის 22-ე მუხლში ეწერა, რომ «აფხაზური მხარე არ წარუდგენს რუსულს სამხედროების მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბუნებრივი რესურსებისთვის, კულტურული და ისტორიული საკუთრებისთვის, უძრავი ქონებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს».

“ეს ყველაფერი უბრალოდ გამაოგნებელია! რა სამსახურებრივი მოვალეობებია ასეთი, რომელთა შესრულებაც გაცილებით აღემატება თავისი მნიშვნელობით სტრატეგიული პარტნიორისთვის მიყენებულ ზიანს?! […] მსგავს ადგილებში შემოღობილი, დაცული და იურიდიული იმუნიტეტით აღჭურვილი გასამხედროებული ქვედანაყოფების ჩამოყალიბება ხომ თავისთავადაც აბსურდული გადაწყვეტილებაა, სრულად შეუსაბამო არა მარტო საღ აზრთან, არამედ აფხაზეთის კულტურულ და ტურისტულ იმიჯთან», - წერდა მაშინ თავის ბლოგში აფხაზეთის “საზოგადოებრივი დარბაზის” წარმომადგენელი ნადეჟდა ვენედიქტოვა. «იჯარა და საკუთრება ისე აურიეს ერთმანეთში, ეშმაკიც ვეღარ გაიგებს, რას გულისხმობდნენ რეალურად რუსი იურისტები, როცა ამ დოკუმენტს ადგენდნენ. რუსეთი იმდენადაა დარწმუნებული აფხაზეთზე თავის აღმატებულებაში, რომ ღიად, ურცხვად გვაიძულებს ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლის მომრყევი შეთანხმებების გაფორმებას» - აღშფოთებულები წერდნენ მოქალაქეები სოცქსელების აფხაზურ სეგმენტშიც.

და ბიჭვინთა ერთადერთი მაგალითი როდია იმისა, როგორ ითვისებს რუსეთი ეტაპობრივად სხვადასხვა საბაბით მიწებს. ლიძავა, გალის რაიონი და არაერთი სხვა ლოკაცია – იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც “სტრატეგიულმა მეგობარმა” უკვე ააწაპნა აფხაზეთს მიწები მათზე განლაგებული საცხოვრებელი სახლებითურთ, ყოველწლიურად იზრდება. შორს რომ არ წავიდეთ, 2021 წელს, მაგალითად, აგორდა ასევე სკანდალი სოფელ აიბღას ირგვლივ, რომელიც, როგორც გაირკვა, რუსეთს უკვე თავისად ჰქონდა გაფორმებული. ამბის გახმაურების შემდეგ რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ აიბღას რეესტრის ბაზიდან ამოიღებდა, თუმცა სიტყვა არათუ არ შეასრულა, არამედ იმ ბაზაში აფხაზური სოფლის მთელი უძრავი ქონებაც შეიტანა, ბოსლების ჩათვლით.

აიბღას ირგვლივ ხმაურის გათვალისწინებით, ბიჭვინთაში იმავე – ღია მეთოდით მოქმედებას რუსეთმა, როგორც ჩანს, თავი აარიდა და ამჯობინა, ФСО-ს საკუთრებაში 184 ჰა ელიტური მიწის (მათ შორის ზღვისპირა ზონის) გადაცემის საკითხი “უხმაუროდ” გადაეჭრა. ეს “უხმაუროდ” კი გულისხმობდა არა მარტო ხალხის ზურგსუკან მოქმედებას, არამედ აფხაზეთის ხელმძღვანელობის დაშანტაჟებასაც. «თუ უახლოეს ხანებში ტერიტორიას საკუთრებაში რუსეთს არ გადავცემთ, მივიღებთ მსხვილ ანგარიშს ელექტროენერგიის მოწოდებისთვის, კოლაფსს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების შეჩერებას, კვებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციის მოწოდებების შეწყვეტას და ბევრ სხვა რამეს. ასე, რომ არჩევანი მარტივია, განსაკუთრებით - ახლა, როცა ჩვენს ქვეყანას მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში ალბათ, ყველაზე მძიმე წლები უდგას» - გაგვიმხილა მაშინ წყარომ “პრეზიდენტ” ბჟანიას ადმინისტრაციიდან. ოდნავ მოგვიანებით კი ეს ირიბად დაადასტურა თავად ბჟანიამაც, განაცხადა რა, რომ “რუსეთის ФСО-სთვის მიწების გადაცემის საკითხი თავად პრეზიდენტმა პუტინმა დააყენა დღის წესრიგში”.

ახლა, ტკაჩოვის განცხადების ირგვლივ აგორებული სკანდალის ფონზე ასლან ბჟანია ირწმუნება, რომ “ბიჭვინთის კომპლექსი ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიზიდავს, მათ შორის უზრუნველყოფს დიდ მგზავრთნაკადს აეროპორტისთვის, რომლის გახსნაზეც უკვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს”. პროექტის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს “პრემიერი” ალექსანდრე ანქვაბიც, რომლის მტკიცებით, მსგავსი პროექტები “აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისთვის, დოტაციური მდგომარეობის დასაძლევად” და რომ “სხვაგვარად არაფერი გამოვა”.

თუმცა თუ სოცქსელების აფხაზი მოხმარებლების რეაქციით ვიმსჯელებთ, რუსი ინვესტორებისა და აფხაზთის “ხელისუფლების” გულწრფელობის ამ დრომდე ცოტას თუ სჯერა.

“ამ აფერის სქემა მარტივია: 1. იღებენ ბანკში კრედიტს. სანაცვლოდ 45 ჰა აფხაზური მიწა და ჩვენი მთავრობის გარანტიები იდება. 2. “ხერხავენ” 20 მლრდ-ს. 3. აფხაზეთს უტოვებენ უზარმაზარ ვალს, რომლის გადახდა არ შეგვეძლება. 4. გვართმევენ მიწას – და ამასთანავე, 20 მლრდ-იან ვალშიც გვტოვებენ... ტკაჩოვი “შოკოლადშია”, ბჟანია თავის ოჯახთან ერთად ასევე აიღებს თავის წილს და სამუდამოდ წავა მოსკოვში უკვე სხვა დავალებების შესასრულებლად. და ჩვენ? - ჩვენ, როგორც ყოველთვის, დაგვტოვებენ მშივრებს, გაყინულებსა და გაბოროტებულებს” – წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

და მსგავსი მოსაზრებები აფხაზეთში ჯერ-ჯერობით აშკარად სჭარბობს.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები