"შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა" – ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები საქართველოში ვიზიტის გაუქმების მიზეზებს განმარტაენ

21-01-2022 22:04:41 ევროპა

ევროპარლამენტის ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები საქართველოში გაუქმებული ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, რომ "პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო ჩართულობისთვის".

ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტი "გადამწყვეტ როლს თამაშობს და ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრასა და ინკლუზიური და რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგის წინ წაწევაში".

ევროპარლამენტარები მზაობას გამოხატავენ, დაეხმარონ პალამენტს პროცესის წამოწყებაში.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ 21-22 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო ჩართულობისთვის. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების გაცნობას. ამ დიალოგის ამოცანაა, პარტიათა შორის დიალოგის განვითარება, რათა უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურა და ნდობა ჩამოყალიბდეს. ჟან მონეს დიალოგი გახლავთ მედიაციის გამოცდილი და მოქნილი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად საჭირო პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული.

გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს და ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრასა და ინკლუზიური და რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგის წინ წაწევაში. ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევებისა და მოქალაქეთა მოლოდინის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავაც მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ წამოწყებაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს, ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს, მოამზადოს საფუძველი ჟან მონეს პროცესის უახლოეს მომავალში დასაწყებად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები