აფხაზეთი: მიწა საკმარისადაა, რუსული ბაზა კი ბევრი ვერ იქნება?

22-01-2022 18:55:03 კონფლიქტები

გასული წლის მიწურულს, აფხაზი “დეპუტატებისთვის” იმის განმარტებისას, რატომ უნდა “უწილადოს აფხაზეთმა სუვერენიტეტი რუსეთს”, “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ, მათ შორის, განაცხადა, რომ თავის დროზე ოჩამჩირეს რაიონში “ერთობლივი სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის” ათაულობით ჰექტარი მიწის გამოყოფაზე უარის თქმას “უდიდეს შეცდომად” მიიჩნევს. «2008 და 2014 წ.წ. შეთანხმებებით ჩვენ ნებაყოფლობით განვსაზღვრეთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რიგი სფეროები ერთობლივი უფლებამოსილების სფეროებად. […] ეს ეხება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც. […] საკუთარი თანამედროვე შეიარაღებული ძალების შენახვა ჩვენთვის ძვირი, მიუწვდომელი სიამოვნებაა. […] უდიდეს შეცდომად მიმაჩნია, რომ უარი ვთქვით ოჩამჩირეს რაიონის სოფელ მერკულაში ერთობლივი ბაზის მშენებლობისთვის რამდენიმე ათეული ჰა მიწის გამოყოფაზე» - განაცხადა ბჟანიამ. და ეს – იმ ფონზე, რომ აფხაზეთი უკვე გადაძეძგილია რუსი სამხედროებითა და თანამედროვე შეიარაღების დიდი რაოდენობით აღჭურვილი ბაზებით. თანაც ოფიციალურის გარდა, არსებობს არაოფიციალური ბაზებიც, მაგალითად, რუსი “ბერების” გასამხედროებული ბანაკები და როგორც ერთნი, ისე მეორენი სხვადასხვა საბაბით აფხაზეთს მთავარ სიმდიდრეს – მიწას ართმევენ.

დავიწყოთ არაოფიციალურით. ანაფორიანი “ტურისტების” რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა - და მართალია, ოფიციალური სტატისტიკა გასაგები მიზეზების გამო არ არსებობს, მაგრამ 2021 წლის არაოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში მუდმივ საფუძველზე უკვე 4 000-მდე ასეთი “ბერი” და “მონაზონი” იყო ჩასახლებული, რომელთაც ეკლესიასთან რეალურად, არაფერი აკავშირებთ. მათი უმრავლესობა რუსული სპეცსამსახურების მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია. ყიდულობდნენ რა მიწებს, ხშირად - ათეულობით ჰექტარს, ისინი დაცულ დასახლებებს აყალიბებდნენ, რომლებში შესვლაც აფხაზეთის რიგითი მაცხოვრებლებისთვის კატეგორიულად იკრძალება. ეს კერძო საკუთრება უკვე ათობით კილომეტრზეა გადაჭიმული და რიგ შემთხვევებში როგორც რესპუბლიკური, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს მოიცავს. ამასთან, ყველა ეს “ბერი” და “მონაზონი” აფხაზეთის “მოქალაქეობასთან” ერთად, ფლობს დიპლომატიურ იმუნიტეტსაც, ანუ ხელშეუხებლობას და ერთ “მშვენიერ” დღეს რომ რომელიმემ რაღაც მიზეზით ადგილობრივს თუნდაც ესროლოს, აფხაზური “სახელმწიფო” ბრალსაც კი ვერ წაუყენებს.

ჩვენს ერთ-ერთ რესპონდენტს - ვალერის ორიოდ წლის წინ გაუმართლა: ერთ-ერთ რუს “ბერთან” მოხვდა სტუმრად და ნანახმა გააოგნა. “ისინი აფხაზეთში ოჯახებთან ერთად მცხოვრები, კარგად გაწვრთილი “სპეცები” არიან. გავოცდი, როგორ აქვთ დასახლებაში ყველაფერი მოწყობილი. ეს რეალურად, საკარმიდამო ნაკვეთები კი არა, სამხედრო მინი-ბაზაა, გადაჭედილი სხვადასხვა სპეცმოწყობილობებით, რომელთა საშუალებითაც საბრძოლო უნარებს იწრთობენ. იარაღზე აღარაფერს ვამბობ – ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი აქვთ!» - იხსენებს ვალერი.

საინტერესოა, რა მიზნით წვრთიან რუსები აფხაზეთის მიყრუებულ მიდამოებში სპეცმებრძოლებს? რაში სჭირდებათ იქ სუპერმეომრების არმია? «როცა 5-10 ოჯახი იყო, გასაოცარს ვერაფერს ვხედავდი. მაგრამ სადღეისოდ ათ ან თუნდაც 100 ოჯახზეც კი აღარაა საუბარი. მათი რაოდენობა იმდენად ინტენსიურად იზრდებოდა, რომ ჩემნაირი მიამიტიც კი მიხვდება, რაღაცაშია საქმე» - გაგვიზიარა საკუთარი აზრი გულრიფშის რაიონის მკვიდრმა ვაგარშაკმა. «ნათელია, რომ მათ არაორდინალური სიტუაციებისთვის ამზადებენ, იმგვარი შემთხვევებისთვის, როცა სამხედროები ოფიციალურად საქმეში ვერ ერევიან: შეეძლებათ, მაგალითად, გამოიყენონ პროვოკაციის მოსაწყობად და მერე “ლოკალური კონფლიქტის” თავადვე ჩასახშობად” – დარწმუნებულია კიდევ ერთი ადგილობრივი - გიორგი.

რაც შეეხება ოფიციალურ სამხედრო ბაზებს, სადღეისოდ აფხაზეთში მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. და თუ ომისშემდგომ პერიოდში, როცა მოსახლეობას გასაგები მიზეზების გამო უსაფრთხოების საკითხი რეალურად აღელვებდა და პირველი რუსული ბაზის ჩამოყალიბებამ ბევრი ადგილობრივი შვებით ამოასუნთქა, მოგვიანებით, როცა ბაზების რაოდენობა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გასცდა, ხალხში შფოთვა დაიწყო, წლების შემდეგ კი - კონფლიქტებიც, რომლებიც, მათ შორის, რუსი სამხედროების მიერ ბაზების მიმდებარე ტერიტორიების მიტაცებას უკავშირდებოდა. ჩვენს მკითხველს ალბათ, ემახსოვრება, მაგალითად, 2017 წლის სკანდალი, როცა აფხაზური ხელმძღვანელობის ყოველგვარი ნებართვის გარეშე რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა წებელდის პოლიგონის მიმდებარედ სასაფლაო და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები გაანადგურეს. მოვიყვან შედარებით ახალ მაგალითსაც: რამდენიმე თვის წინ გალის რაიონის ქვედა ზონის რიგ სოფლებში ე.წ. “საქართველოსთან საზღვრისპირა ტერიტორია” აფხაზეთის სიღრმეში ერთბაშად 10 კმ-ით გაიზარდა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტეს რუსმა სამხედროებმა – არაოფიციალური ინფორმაციით, რაღაც სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის მიზნით. ამასთან დაკავშირებით მათ არც ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებიათ, არც აფხაზური ხელმძღვანელობის თანხმობა უთხოვიათ. და კიდევ ერთი – ბიჭვინთის მაგალითი: იქ რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ჰა მიწა ჯერ კიდევ წლების წინ მიითვისეს, ხოლო რაკი აფხაზეთის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ შეჰხვედრიათ, მადა გაეზარდათ - და სანაპირო ზოლის საკმაოდ დიდი ნაწილიც მიიერთეს ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთებთან და სახლებთან ერთად. ეს უკანასკნელები ლამის “მოქალაქეობის” გარეშე დატოვეს, თუმცა ბოლოს “დაინდეს”, შემოიფარგლნენ ჩაწერის ადგილის შეცვლით და შეასახლეს მიტოვებულ საერთო საცხოვრებლებში. სასამართლოში ჩივილმა შედეგი ვერ გამოიღო: რუსმა სამხედროებმა არათუ არ დააბრუნეს მიწები, არამედ დღემდე გულმოდგინედ აფართოებენ მიტაცებულ ტერიტორიას. და ბოლოს – გაგრის, გულრიფშის, ტყვარჩელის რაიონების მოშორებული ტერიტორიების მაგალითი: მაღალ მთაში, სადაც პრაქტიკულად არავინ სახლობს, რუსი სამხედროები აშენებენ რაღაც ნაგებობებს, რომელთა დანიშნულება არავინ იცის. ამ საქმიანობაზე აფხაზური ხელმძღვანელობის ნებართვა მათ ასევე არ მიუღიათ.

ზემოაღნიშნულის შეჯამებისას გვიწევს იმის კონსტატირება, რომ რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ართმევენ აფხაზეთს მთავარ სიმდიდრეს - მიწას. თანაც ბაზები განთავსებულია არა მარტო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით, რაც ოდნავ ლეგიტიმაციას მაინც შესძენდა კრემლის არგუმენტს “აფხაზეთის დაცვის აუცილებლობის” თაობაზე, არამედ მთებშიც და რუსეთთან “საზღვრის” სიახლოვესაც. რა ესაქმებათ მათ იქ? - დავიჯეროთ, იქაც ”ქართველებისგან იცავენ”?!

სრულიად გაუგებარია ასევე, რატომ ვერ მოხერხდა რომელიმე უკვე არსებული სამხედრო ბაზის გამოყენება ერთობლივად, თუკი, თუ დღეს ასლან ბჟანიას დავუჯერებთ, აფხაზურ მხარეს ამის საჭიროება გააჩნდა. ანდაც საერთოდ, რატომ არ იზრუნეს მთელი ამ ხნის განმავლობაში სათანადოდ არც სოხუმმა, არც მისმა “სტრატეგიულმა მოკავშირემ” იმაზე, რომ “დამოუკიდებელ” აფხაზეთს საკუთარი ჯარი ჰყოლოდა, ისევე, როგორც რესპუბლიკის ეკონომიკურ განვითარებაზე, რათა აფხაზეთს რუსეთისგან დამოუკიდებლად შესძლებოდა საკუთარი ჯარის – ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის რჩენა.

არსებობს სხვა უამრავი საფუძვლიანი კითხვაც, რომელზე პასუხებიც აფხაზეთში არ გააჩნიათ. სამაგიეროდ გააჩნიათ რუსული ჯარები, რომლებიც, ყოველ ნაბიჯზე განლაგებულები, ადგილობრივებთან შედარებით, შეღავათიან პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას და ამასთანავე, ძალუძთ, საჭიროების შემთხვევაში ძირშივე ჩაახშონ აფხაზების მცდელობები, რუსეთის პოლიტიკას თუნდაც მცირე წინააღმდეგობა გაუწიონ. შემდეგ, “რომ რამე იყოს”, “სტრატეგიული მოკავშირე” საკუთარი ძალისმიერი მოქმედების გასამართლებლად ტრადიციულად განუცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს იყო “ბრძოლა ტერორისტებთან” ან სხვა რომელიმე ბნელ ძალასთან, ხოლო აფხაზეთის შემდგომ მიერთებას, რის შესახებაც მოსკოვში უკვე ღიად საუბრობენ, “რესპუბლიკის მოსახლეობის უმორჩილეს თხოვნად” გაასაღებს.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები