
არმენ სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა
23/01/2022 18:36:05 კავკასია
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა.
მიზეზად მან სომხეთის შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო ცხოვრებაზე გავლენის მოხდენისთვის ინსტრუმენტების ნაკლებობა დაასახელა.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სარქისიანი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის "ემოციური" და ის "გარკვეულ ლოგიკას" ეფუძნება:
"ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აქტიური მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდგე სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს აბსოლუტურად არ არის ემოციური გადაწყვეტილება და ის გარკვეულ ლოგიკაზეა დაფუძნებული".
მისი თქმით, "პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ბერკეტები გავლენის მოსახდენად შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის".
ცნობითვის: სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და აღმასრულებელ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
სომხეთის პრეზიდენტად სარქისიანი პარლამენტმა 2018 წლის მარტში აირჩია.