
ევროკავშირის საბჭო: „გავლენების სფეროთა“ შესახებ მოსაზრებები უადგილოა 21-ე საუკუნეში"
24/01/2022 12:45:37 ევროპა
ევროპის საბჭოში აცხადებენ, რომ „გავლენის სფეროების“ შესახებ ცნებების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
როგორც ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ევროპის უსაფრთხოება განუყოფელია და მისი ნებისმიერი სახით გამოწვევა საფრთხეს უქმნის ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს.
ევროპულმა საბჭომ დაგმო რუსეთის უწყვეტი აგრესიული ქმედებები და მუქარა უკრაინის მიმართ და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და საერთაშორისოდ დამტკიცებული მექანიზმების გამოყენებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა.
ევროპული საბჭოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას მოჰყვება მასშტაბური შედეგები და დიდი საფასურის გადახდა.
ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე, კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის რუსეთს მოუწოდებს, კვლავ ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ფორმატებში.
ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთიანი მიდგომისადმი და შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021