
ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს
24/01/2022 15:16:46 ევროპა
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარასკევს მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინას დაეხმაროს.
მისი თქმით, თუ ევროპის საბჭო ახალ პაკეტს დაამტკიცებს, პირველ ტრანშს, 600 მილიონი ევროს სახით, ქვეყანა დაუყოვნებლივ მიიღებს.
"2014 წლიდან ევროკავშირმა და სხვა ევროპულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკრაინას 17 მილიარდი დოლარი გამოუყეს. დღეს კი მინდა ახალი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განვაცხადო, რომელიც 1.2 მილიარდ ევროს ითვალისწინებს. ფინანსური პაკეტი უკრაინას დაეხმარება დაფაროს რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციით გამოწვეული ფინანსური საჭიროებები და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას. უკრაინა არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებს. ევროკავშირი კი გააგრძელებს მის მხარდაჭერას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.