ჩეჩნეთის უმდიდრესი მმართველი: „სამ თვესაც ვერ გავძლებთ“

25-01-2022 16:21:35 კავკასია

რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთის შენახვისთვის წელიწადში 300 მილიარდ რუბლს ხარჯავს,– ამბობს რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ვიდეოში, რომელიც ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

„მეც ვფიქობდი, რომ იჩქერია უნდა გამოგვეყო, მაგრამ ვფიცავ, სამ თვესაც ვერ გავძლებთ. წარმოიდგინეთ, რუსეთი ჩეჩენი ხალხის შენახვისთვის წელიწადში 300 მილიარს ხარჯავს“,– განაცხადა კადიროვმა და დასძინა, რომ რესპუბლიკას არ აქვს გაზი, ნავთობი და არც ელექტროენერგია.

რუსეთის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი ირწმუნება, რომ ჩეჩნეთი რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს:

„7 წელია, ვეძებ და ვერ ვიპოვე ვერც ერთი ინვესტორი. რუსეთის გარეშე ვერ გადავრჩებით. თუ სხვა რამეს გვთავაზობენ, დაგვიწერონ ეკონომიკური მოდელი. ალაჰმა მოგვცა შანსი, ვიცხოვროთ და განვვითარდეთ. ნუ უსმენთ თაღლითებს“.

მოგვიანებით განცხადების გამო კადიროვმა თავი „რუსულის არასაკმარისი ცოდნით“ იმართლა.

„ჩეჩნეთის ბიუჯეტის შესახებ ჩემმა პირდაპირმა ეთერმა მასობრივი კრიტიკა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ რუსულ ენას პროფესიონალურ დონეზე არ ვფლობ. არ ვარ აკადემიკოსი, ამიტომ ბევრი რამ დაუზუსტებელი რჩება“,– დაწერა კადიროვმა განცხადებაში და დასძინა, რომ „შენარჩუნებაში“ იგულისხმება არა მხოლოდ რეგიონის ბიუჯეტი, არამედ ტერიტორიული ფილიალების „შენახვა“, შსს, პროკურატურა, საპენსიო ფონდი, სოციალური და სამედიცინო დაზღვევა. მსგავს შემთხვევაში, კადიროვის მტკიცებით, წელიწადში 375 მილიარდი რუბლი „სრულიადაც არაა კოსმიური“ და რომ იგივე ხდება სხვა რეგიონებიც.

უკანასკნელი განცხადების გაცნობის შემდეგ ბევრმა ბლოგერმა აღნიშნა, რომ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული ტექსტი, დაწერილი „რუსულის სრულყოფილად არმცოდნე“ კადიროვის მიერ, არც ერთ ორთოგრაფიულ შეცდომას არ შეიცავს.

გასული წლის ივნისის მდგომარეობით, კადიროვი, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რეგიონის უმდიდრესი ხელმძღვანელი გახდა რუსეთის მასშტაბით. გასული წლის განმავლობაში მისი შემოსავლები აჭარბებდა სიაში მის შემდეგ პოზიციებზე მყოფი ათი გუბერნატორის ერთობლივ შემოსავალს.

2018 წელს კადიროვის ოფიციალური შემოსავალი 7,5 მილიონი რუბლი გახლდათ. ბოლო ორ წელიწადში კადიროვმა საკუთარი შემოსავლები 50–ჯერ გაზარდა.

როგორც Forbes წერდა, 2020 წელს რუსეთის მთავრობამ ჩეჩნეთისთვის ფინანსური დახმარება 27,7 მილიარდი რუბლით გაზარდა, 106,4 მილიარდამდე.

უკანასკნელ პეროდში კადიროვი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს ხისტ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევ განცხადებებს. მაგალითად, ერთი დღით ადრე დაიმუქრა ყოფილი მოსამართლის საიდი იანგულბაევის ოჯახის მოძებნით და განადგურებით, რომელმაც შვილთან ერთად დატოვა რუსეთი. ასევე „ტერორისტების თანამზრახველები“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრს იგორ კალიაპინს და „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტს ელენა მილაშინს და ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადგილზე რომ ყოფილიყო, „დიდი ხნის წინ აიღებდა უკრაინას, გაგზავნიდა ჯარებს და დაამყარებდა წესრიგს“.

უფლებადამცველების წინააღმდეგ კადიროვის მუქარებს პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჩეჩნეთის ლიდერის „პირადი აზრი“ უწოდა, რომელიც შესაძლოა, სასამართლოში გასაჩივრდეს. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებას, პესკოვის თქმით, „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას აყალიბებს რუსეთის პრეზიდენტი და კადიროვს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს, შეუძლიათ, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებზე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები