„უმადური, შეურაცხმყოფელი, უადგილო!“ – კიევი ხორვატიის პრეზიდენტს განცხადების გამო აკრიტიკებს, ხოლო ელჩს სამინისტროში იბარებს

26-01-2022 00:57:53 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი ანიცა ჟამიჩი დაიბარეს ქვეყნის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადების გამო, რომ „უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან“.

განცხადებას კიევში კატეგორიულად მიუღებელი, უმადური და რუსეთის აგრესიის ფონზე, უადგილო უწოდეს.

ამასთან, კიევში მიაჩნიათ, რომ „ღირსების რევოლუციასთან“ მიმართებით ხორვატიის პრეზიდენტის პოზიციონირება იმ უკრაინელებისა და უცხოელების ხსოვნას შეურაცხყოფს, რომელთაც უკრაინის ევროპული მომავლისთვის სიცოცხლე გასწირეს.

„ხორვატიის პრეზიდენტმა გამოავლინა უარყოფითი დამოკიდებულება და უმადურობა იმ დახმარებისადმი, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაიღო. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს უმადურობა მისი პიროვნული თვისებაა და არ ვრცელდება ხორვატიელ ხალხზე, რომელთანაც ჩვენ მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ მილანოვიჩის განცხადება იმეორებს რუსული პროპაგანდის ნარატივს, შესაბამისობაში არ მოდის ხორვატიის ოფიციალურ პოზიციასთან, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მლიანობისადმი მხარდაჭერას გულისხმობს, აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აზიანებს ევროკავშირის და ნატოს ერთიანობას უსაფრთხოების კონტექსტში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს ხორვატიის პრეზიდენტის „შეურაცხმყოფელი განცხადებების საჯარო უარყოფას“ და მომავალში განმეორების დაუშვებლობას.

დემარშის შემდეგ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვმა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, ხოლო პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე მთავრობის სახელით ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, – დაწერა პლენკოვმა „ტვიტერზე“.

ცნობისთვის: ხორვატიის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს, როგორ იმოქმედებს ხორვატია უკრაინასთან მიმართებაში, მან კი უპასუხა:

„ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაცია თუ იქნება, გამოვიყვანთ უკანასკნელ ხორვატიელ სამხედროს. უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის. როდესაც უკრაინაში მთავრობა შეიცვალა, მაშინ ეს იყო მოძრაობა, რომელიც არ იყო დემოკრატიული. ეს იყო გადატრიალება, რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა. ისტორია ასეთია: უკრაინა მიდის დასავლეთის მიმართულებით ისე, რომ არაფერს ეკითხება რუსეთს, ფიქრობს, რომ ევროკავშირში მას რძის მდინარეები ელოდება. უკრაინა ისევ რჩება მეტ–ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად, ევროკავშირს უკრანიისთვის არაფერი მიუცია”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები