Accentnews.ge
“სურკოვშინა” მძლავრობს, ცივილიზებული სამყაროსგან აფხაზეთის იზოლაცია ძლიერდება

“სურკოვშინა” მძლავრობს, ცივილიზებული სამყაროსგან აფხაზეთის იზოლაცია ძლიერდება

26/01/2022 16:21:22 კონფლიქტები

რუსეთი მისი “საინტეგრაციო პროექტების” რეალიზებისთვის ცივილიზებული სამყაროსგან აფხაზეთის იზოლაციას აძლიერებს. სწორედ ასე აღიქმება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლა, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს – მოსკოვის მიერ “კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის პროგრამის” რეალიზების მისაღწევად აფხაზეთზე პრესინგის გაძლიერების მომენტიდან დაიწყო, ხოლო აფხაზური საგარეო უწყების ხელმძღვანელად “კრემლის რუხ კარდინალად” ცნობილი ვლადისლავ სურკოვის შეგირდის - ინალ არძინბას დანიშნვასთან ერთად უკვე ნამდვილ ვაქჰანალიაში გადაიზარდა.

რუსეთის კვალდაკვალ: “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონი

აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება მოსკოვიდან გამოგზავნილი “ჰარმონიზაციის” 45-პუნქტიანი პროგრამის მთელი რიგი მუხლების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის საქმიანობის რეგულირების შესახებ პუნქტის მიმართ იმთავითვე მკვეთრად ნეგატიური იყო.

«დიახ, რუსეთის კანონმდებლობაში არიან უცხოეთის აგენტებად განსაზღვრული არასამთავრობო ორგანიზაციები – გამომდინარე შედეგებით, მაგრამ აფხაზეთში რეგისტრირებულ და მოქმედ ორგანიზაციებს მივიჩნევ “აფხაზეთის აგენტებად”, რომლებიც უკვე 27 წელია, უზარმაზარ საქმეს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს საკეთილდღეობად» - აცხადებდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე ახრა ბჟანია. «არსებობს სფეროები, რომლებიც ჩვენს შიდა საქმეს წარმოადგენს, მათ განეკუთვნება არასამთავრობო სექტორის საქმიანობის რეგულირებაც. ჩვენ მშვენიერი კანონები გვაქვს, არასამთავრობო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალეა. “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღება კი არა მარტო თავისუფლების სივრცეს შეზღუდავს, არამედ იქნება გზავნილი მთელი მსოფლოიოსთვის, რომ აფხაზეთი იხურება» - იმეორებდა მაშინ უძველესი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის – ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელი ლიანა ქვარჩელია. “არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხს გამუდმებით, შესაშური ჟინით აყენებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი: «დახურეთ, აკრძალეთ, გააძევეთ, მოიყვანეთ შესაბამისობაში...». მაგრამ ჩვენს არასამთავრობოებს ხომ უდიდესი წვლილი შეაქვთ აფხაზეთის ჩამოყალიბება-განვითარებაში!» - წერდნენ მაშინ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში.

მიუხედავად ამისა, “უცხოეთის აგენტების შესახებ” მოსკოვის მიერ ნაკარნახები კანონი დღეს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში აქტიურად მუშავდება.

როგორ გადაიქცა აფხაზეთის საგარეო უწყება არასამთავრობოებთან ბრძოლის შტაბ-ბინად

მაგრამ არასამთავრობო სექტორის საწინააღმდეგო მოძრაობის “შტაბ-ბინას” იუსტიციის სამინისტრო როდი წარმოადგენს. ეს “საპატიო” მისია მინისტრად ინალ არძინბას დანიშნვისთანავე იკისრა საგარეო უწყებამ - უშუალო ამოცანები, როგორც ჩანს, უკვე გადაჭრილი აქვს.

ახალგაზრდა მინისტრის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან “გაცნობითი ხასიათის” შეხვედრა წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაიმართა. წაუყენა რა მოწვეულ სტუმრებს მთელი მათი საქმიანობის პირადად მასთან და მის უწყებასთან შეთანხმების მოთხოვნა, ინალ არძინბამ ცხადჰყო, რომ აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მკაცრ კონტროლს გეგმავდა.

დიპლომატ არძინბას ურთიერთობის ხისტი მანერა

მიმდინარე წლის 19 იანვარს კი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ახალგაზრდა მინისტრს აღარც კი უცდია, ტონი ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის მოთხოვნებისთვის მიესადაგებინა. საბოლოოდ ჩამოიხსნა რა “აფხაზი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობის მოწინავე წარმომადგენლის” ნიღაბი, იგი ღია აკრძალვებსა და მუქარაზე გადავიდა. გაიჟღერა, კერძოდ, ისეთმა ფრაზებმა, როგორიცაა “უფლება არ გაქვთ”, “გიკრძალავთ” და ა.შ.

ურთიერთობის მსგავსმა – რუსული პოლიტიკური ისტებლიმენტის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელმა მანერამ აფხაზეთში ბევრი შეაშფოთა.

“არა მგონია, მსგავსმა პრაქტიკამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, რადგან მხოლოდ მეგობრულ ატმოსფეროშია შესაძლებელი აზრთა თავისუფალი გაცვლა, იდეებსა და პროგრამებზე ერთობლივი მუშაობა” – წერს Facebook-ში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დიანა კერსელიანი.

არძინბა კანონებთან არ მეგობრობს?

გაჩნდა ახალგაზრდა მინისტრისადმი კითხვები კანონმდებლობის ცოდნასთან დაკავშირებითაც.

აფხაზეთში გაერო-ს განვითარების პროგრამის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე ინალ არძინბამ გასული წლის ივნის-აგვისტოს პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა გაიხსენა და განაცხადა, რომ “სტატისტიკური საქმიანობის შესახებ” კანონის თანახმად, სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ”.

თუმცა კანონის რომელ მუხლს დაეყრდნო იგი – გამოცანად რჩება.

“კანონის რომელ მუხლს გულისხმობდა მინისტრი? რამდენადაც ვიცი, მსგავსი აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს” – წერს ამასთან დაკავშირებით დიანა კერსელიანი.

"საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების დახურვა აფხაზეთის დახრჩობის ტოლფასი იქნება”

მაგრამ ყველაზე მეტად აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეურაცხჰყო ღია მინიშნებებმა “საქარველოსთან კეკლუცზე”, რომლებსაც ინალ არძინბა უკვე მერამდენედ აჟღერებს.

ასე, მაგალითად, ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე მინისტრმა COBERM-ის (ადრეული რეაგირების მექანიზმი ნდობის განსამტკიცებლად) პროექტის რეალიზების თემა წამოსწია და განაცხადა, რომ იგი «საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ ამოცანებს შეესატყვისება, მიმართულია ექსპერტებისა და ახალგაზრდობის დონეზე ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი დიალოგის ჩამოყალიბებაზე და ამდენად, უბრალოდ “დაუშვებელია”.

საპასუხოდ აფხაზეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეახსენებენ მინისტრს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებს 20-მდე აფხაზურ არასამთავრობო სტრუქტურაზე გასცემენ, უმთავრესად ჰუმანიტარულ, ასევე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მიმართულ პროექტებს აფინანსებენ და მათი დახურვა “აფხაზეთის დახრჩობის ტოლფასი იქნება”. მათივე თქმით, იგივე COBERM-ის პროგრამის ფარგლებში, მაგალითად, აფხაზეთს უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარება გაეწია კორონავირუსულ პანდემიასთან საბრძოლველად, სხვადასხვა აფხაზური ორგანიზაციები მოსახლეობას სამედიცინო და სასურსათო დახმარებას უწევდნენ - და “ამას არავითარი კავშირი არ ჰქონია ქართულ ორგანიზაციებსა თუ საქართველოს მთავრობასთან”.

“ინდუსტრიული ტექნიკუმის, კულინარიული სასწავლებლისა და სხვების შენობები? - იქ ხომ მილიონებია დახარჯული! ამასთან, იქ არაფერი გაკეთებულა გასაიდუმლოებულად, საქართველოს ინტერესში. ანდაც ავიღოთ სხვა არაჩვეულებრივი პროექტები, მაგალითად, ჩემები: ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც შევძელით და მოვწყვიტეთ კრიმინალურ სამყაროს, რათა ციხეში არ აღმოჩენილიყვნენ. გვქონდა ასევე ტრენინგები, არაერთი სხვა ღონისძიება – და რა? რა იყო ამაში ცუდი? ამას რა, საქართველოს ინტერესებში ვაკეთებდით?!” - აღშფოთებულია აფხაზეთის ბავშვთა ფონდის თავმჯდომარე ასიდა ლომია.

ჰუმანიტარული საქმიანობა გაგრძელდეს, მაგრამ დემოკრატიულ განვითარებაზე მიმართული შეწყდეს?!

ბევრი გააოცა ასევე ინალ არძინბას პოზიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის მისაღებია საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ ფაქტობრივად მიუღებელია დემოკრატიის განვითარებაზე მიმართული პროექტები.

“რა, დემოკრატიული პრინციპები ჩვენს სახელმწიფოს საფუძვლად აღარ უდევს? თუ ამმხრივ არაფერი შეცვლილა, მაშინ რატომ მიესალმება ჩვენი საგარეო უწყება მხოლოდ ჰუმანიტარულ საქმიანობას? რატომაა მისთვის მიუღებელი განვითარებაზე, სახელმწიფოს ეფექტურობის ამაღლებაზე მიმართული პროგრამები?!” - წერენ ადგილობრივი არასამთავობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად მსოფლიოსთან ურთიერთქმედების მიზანი გაუქმებულია?

გარდა ამისა, მათი აზრით, მინისტრის გზავნილი წინააღმდეგობაში მოდის აფხაზეთის ხელმძღვანელობის ყველა წინა განცხადებასთან მსოფლიოსთან ურთიერთქმედებისკენ სწრაფვის თაობაზე, მათ შორის – ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად:

“ეს უკანასკნელი ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აფხაზეთი იქნება ღია ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის განვითარებისკენ სწრაფვის დემონსტრირებას მოახდენს. სწორედ ამიტომ არასოდეს დამდგარა საერთაშორისო წარმოდგენილობის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ აფხაზეთში - არც ხელისუფლებების, არც სამოქალაქო სექტორის მხრიდან”.

მთავარი სამიზნე – აფხაზურ-ქართული დიალოგი

რაც შეეხება აფხაზურ-ქართულ დიალოგთან დაკავშირებულ პროექტებს, რომელიც უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა ახალგაზრდა მინისტრის მთავარ სამიზნედ, აფხაზეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეახსენებენ ინალ არძინბას, რომ შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში – ეს “ერთადერთი საშუალებაა, თავად მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია მათ, ვინც ცოტა თუ იცის აფხაზეთის შესახებ, ან საქართველოდან არაზუსტ ინფორმაციას იღებს”.

სოცქსელებში ბევრი სვამს ასევე კითხვას, როდიდან გახდა საერთოდ აფხაზეთის ხელმძღვანელობა დიალოგის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზის წინააღმდეგი, რა მიზეზით მოხდა ეს და რა ალტერნატივა შეიძლება, ჰქონდეს დიალოგს:

“ჩნდება საფუძვლიანი კითხვა: რა ალტერნატივას გვთავაზობენ – სამუდამო კონფლიქტსა და მისი სიმძიმის შემდგომი თაობების მხრებზე გადატანას?”;“როგორ უნდა ვიცხოვროთ ომის მუდმივ შიშში, სიძულვილში?! ისევე, როგორც უამრავ ჩვენს ახალგაზრდას, მსურს, მშვიდი მომავალი მქონდეს უზრუნველყოფილი. ამიტომაც ვემხრობით დიალოგს – ეს ხომ მთავარია, რაც ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს! წესით, უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენმა თაობამ მოახერხა ის, რასაც ვერ ახერხებდნენ წინა თაობები – ჩამოაყალიბა დიალოგი!”;“რას ნიშნავს საერთოდ “ექსპერტების დონეზე პირდაპირი დიალოგი დაუშვებელია”?! იმიტომაც არიან ექსპერტები, რომ გააჩნიათ საკმარისი კომპეტენცია, ცოდნა, გამოცდილება, აწმყოსა და მომავლის სტრატეგიული ხედვა. ხოლო ის ფაქტი, ისინი თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები არიან, სრულ უფლებას აძლევთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში და დაიცვან აფხაზეთის ინტერესები, რასაც აკეთებენ კიდეც, უკვე თითქმის 30 წელია”.

კრემლს სხვა მიზნები აქვს?

ზოგიერთს კი არძინბას მცდელობებმა, დიალოგს ვეტო დაადოს, იმ აზრისკენ უბიძგა, რომ რაღაც გაუცხადებელი მიზეზებით თავად კონფლიქტის მოგვარება გახდა ვიღაცისთვის არასასურველი.

“მსოფლიოსთვის ჯერ-ჯერობით კონფლიქტის გადაჭრის ორი გზაა ცნობილი – ან ომი, ან მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ცნოილია, კონტაქტების გარეშე შეუძლებელია. ომი თითქოს არ გვსურს, ახლა კი ირკვევა, რომ არც დიალოგი. მაშ რა? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თავად კონფლიქტის გადაჭრა გახდა ვიღაცისთვის არახელსაყრელი. აგვიხსნის ვინმე, რა ხდება?” – წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

და მართლაც, გასული წლების განმავლობაში ყველას არაერთგზის გვსმენია მოსკოვიდან, რომ თბილისმა და სოხუმმა “ერთი-ერთზე უნდა დაიწყონ პრობლემების გადაწყვეტა”. თავად აფხაზეთშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გაიჟღერა საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობის დაწყების იდეამ, რომელიც გარკვეული დროით აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშიც კი იყო ასახული. მაშ რა მოხდა ახლა? სოხუმსა და თბილისს შორის კონტაქტები აღარ შედის რუსეთის ინტერესში? - ყველასთვის ხომ კარგადაა ცნობილი, რომ აფხაზეთის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც მართალია, პრეზიდენტის სავარძელი ჯერ არ დაუკავებია, თუმცა უკვე აშკარად თვლის თავს აფხაზეთის ერთპიროვნულ მმართველად, კრემლის მიერაა ხელდასმული და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯსაც არ გადადამს.

და აქ დროა, გავიხსენოთ ინალ არძინბას აღმზრდელი – “კრემლის რუხი კარდინალი” ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სტატიის დასაწყისში შემთხვევით არ მიხსენებია. ამასწინათ თავის “სამეცნიერო-ფილოსოფიურ” ოპუსში კრემლის ამ იდეოლოგმა მკაფიოდ გაწერა მეზობლებისადმი გზავნილი: “რუსეთი გაფართოვდება”. ახლა აფხაზეთის მიმართ მოსკოვის რეალური ზრახვები ყველაზე მიამიტთათვისაც კი უნდა გახდეს ნათელი.

და სულაც არაა შემთხვევითი, რომ ინალ არძინბას გამინისტრებიდან სულ რაღაც ორ თვეში ერთი მეორეს მიყოლებით დარტყმის ქვეშ დადგა ყველაფერი, რასაც შეეძლო, აფხაზეთს სოციალურ ეკონომიკურ და დემოკრატიული განვითარებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში, ინსტიტუტების მოძლიერებაში – ერთი სიტყვით, დამოუკიდებელი მომავლის პერსპექტივის შექმნაში დაჰხმარებოდა. დამოუკიდებელი აფხაზეთი ხომ სურკოვის მიერ გაჟღერებულ გეგმაში ნამდვილად არ ეწერება. შესაბამისად, ქართულ-აფხაზური დიალოგიც, ისევე, როგორც ზოგადად აფხაზეთის ურთიერთობა ცივილიზებულ სამყაროსთან მოსკოვს ისე "სჭირდება", როგორც კურდღელს – მეხუთე თათი.

ასტანდა ბგანბა

________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S