Accentnews.ge
შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

27/01/2022 12:00:23 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას პროკურორიც ითხოვს, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გათვალისწინებითაც, ვიდაიდან მისი თქმით, მოწმეთა დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე გაირკვა, რომ დაკავებული პოლიციელები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

"ორივე ბრალდებულს აქვს მოცემული ჩვენება, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ "ისნის" შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე აღნიშნულ ფაქტს [ბრალს] უარყოფს. "ჩვენ ვმორიგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას, უბრალოდ ჩვენ არ ვართ კადრებშიო", - თქვა პროკურორმა.

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების საფუძველზე დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანის, შშმ მოზარდის ცემა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დააკავეს პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.

ინსპექტორის სამსახურის თანახმად, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით დააკავეს. მისი კოლეგა კ.ბ. კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი კოლეგა, წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S