
სასამართლომ ქალზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი პატიმრობაში დატოვა
27/01/2022 15:39:56 სამართალი
ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს გიორგი ბიგვავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე პოლიციელის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისულებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებობს ბრალდებული სამართალდამცველის დადებითი დახასიათებები სხვადასხვა პირების მხრიდან და ასევე დაზარალებული ქალის განცხადება, რომლითაც სასამართლოს მიმართა, დაკავებულის მიმართ არ გამოიყენოს პატიმრობის ღონისძიება. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.
თავად დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის ამსახველი კადრები პარტია „დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ 25 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეოს გადამღებმა მასალა ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მეორე დღეს, 26 იანვარს კი პროკურატურამ დააკავა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება მეგობარ ქალზე ძალადობა.