
ბაიდენი: "დიდი შანსია, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება"
28/01/2022 07:17:06 ევროპა, მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მაღალი შანსია, რომ რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ემილი ჰორნი აცხადებს, რომ ბაიდენმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო დიალოგში ისაუბრა:
„პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ დიდი შანსია, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრებიან. მან [ბაიდენმა] ეს საჯაროდ განაცხადა და ჩვენ ამის შესახებ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ“.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საუბარი ხანგრძლივი იყო.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის დიალოგში ბაიდენმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა:
„საუბრისას ბაიდენმა ხელახლა დაუდასტურა უკრაინას აშშ-ის მზადყოფნა მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად საპასუხო ნაბიჯებზე თუ რუსეთი კიდევ შეიჭრება უკრაინაში“.
ზელენსკიმ კი თქვა, რომ მათ დეესკალაციისთვის საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევაზე ისაუბრეს და მომავალში ერთიან ქმედებებზე შეთანხმდნენ.