
ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ახალგორელებს ექიმების რუსეთიდან ჩაყვანას დაპირდა
28/01/2022 19:26:05 კონფლიქტები
ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი სოსლან ნანიევი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ ახალგორს ეწვია, ადგილობრივი რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს, ახალგორის მკვიდრებს შეხვდა და მათ წუხილებს მოუსმინა საავადმყოფოში მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობის თაობაზე.
ნანიევმა თქვა, რომ ახალგორში თებერვლიდან ქირურგი, ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი ჩავლენ და რომ ასეთი სპეციალისტების ყოფნა ადგილზე, მუდმივ სამუშაო რეჟიმში, აუცილებელი და გადაუდებელი ოპერაციების ჩასატარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„რუსეთიდან ჩამოდიან სპეციალისტები, იცხოვრებენ და იმუშავებენ ლენინგორში. რაიონული საავადმყოფო ასევე მიიღებს აპარატურას ლაპაროსკოპიული ოპერაციებისთვის“, - განაცხადა ნანიევმა.
ამასთან, ის ადგილობრივებს პედიატრის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა და თქვა ისიც, რომ ადგილობრივი საავადმყოფოს რენტგენის განყოფილება მალე დაიწყებს მუშაობას.
ადგილობრივებმა ასევე დასვეს საკითხი პაციენტების თბილისისკენ გადაყვანისას ბიუროკრატიული პრობლემების შექმნის თაობაზე და ნანიევი მათ მარშრუტის მექანიზმის გამარტივების საკითხს შესწავლას დაჰპირდა:
„ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტია. მძიმე, გადაუდებელ შემთხვევებში, თუნდაც ზომიერი სიმძიმის შემთხვევაში, გაუარესებული დინამიკით, როდესაც გაცნობიერებულია შორი გზის საშიშროება, გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია ადგილობრივი ექიმებისა და ადმინისტრაციის დონეზე მოხდეს, სატელეფონო კონსულტაციის შედეგად, სამინისტროსთან“.