ბოკერია: "ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო ეფექტური"
29/01/2022 10:33:58 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს აქციის გამო ოფიციალური თბილისისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილ ნოტას გამოეხმაურა პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია და რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გამართულ აქციას ეფექტურს უწოდებს.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთისგან მთელ მსოფლიოში გარდა პირდაპირი სამხედრო აგრესიისა, საქართველოში, უკრაინაში, მიმდინარეობს ომი ე.წ მორალური უპირატესობისთვის.
ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო მორალური პოზიცია, მტკიცე პოზიცია, რაც ამავდროულად პრაგმატული პოზიციაა და ეფექტურები უნდა ვიყოთ.
ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო ეფექტური. ჩვენი მთავრობის სამარცხვინო საქციელის ფონზე ჩვენ შევძელით ამის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, მათ შორის უკრაინულ და საერთაშორისო სოციალურ მედიაში. ის, რომ ეს მთავრობა ქართველების კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს, ძალიან ეტკინათ ისე, როგორც ეფექტური ფორმა ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ აქციას“, - თქვა გიგა ბოკერიამ.
რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს „ევროპული საქართველოს" აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა.


