
მამამ მძინარე შვილს 30–ზე მეტი ჭრილობა მიაყენა
31/01/2022 10:20:20 სამართალი
გორში მამამ შვილი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.
82 წლის კაცმა 46 წლის მძინარე შვილს მრავლობითი დაზიანებები ბასრი იარაღით მიაყენა. ექიმების თქმით, დაზარალებულს 30–ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.
"კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ნაკვეთი ჭრილობების შედეგად აქვს დაზიანებული ფილტვი, ღვიძლი, კუჭი, პანკრეასი, ასევე, წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინა მხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. არაერთი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა", - ამბობენ კლინიკაში.
მამა დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.