
„იგეგმებოდა პოლიციელებზე, სახელმწიფო შენობებზე თავდასხმა“– უკრაინის შსს რამდენიმე პირის დაკავების შესახებ იუწყება
31/01/2022 09:27:42 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი აცხადებს, დააკავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.
როგორც დენის მონასტირსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულები აპირებდნენ საპროტესტო აქციების მოწყობას როგორც კიევში, ასევე რამდენიმე ქალაქსა და რაიონში, მათ შორის სუმის, ჩერნიგოვოსა და ჩერკასის ოლქში და კონკრეტულ ანაზღაურებას სთავაზობდნენ მოქალაქეებს, რათა მათ აქციებზე პოლიციასთან შეტაკებები მოეწყოთ.
უკრაინის შსს-ს ცნობით, იგეგმებოდა პოლიციელებზე და სახელმწიფო შენობებზე თავდასხმა, საბურავების, ცეცხლმაქრების, კვამლის გამშვები ყუმბარებისა და ბუტაფორული სისხლის გამოყენებასაც.
სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული აქციები არის ჰიბრიდული ომის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას.
აქციების ორგანიზაციისთვის გამოყოფილი იყო 1 მილიონი გრივნა.