
სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
01/02/2022 07:37:22 ევროპა, მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო, ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
“ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ამერიკის მოქალაქეებმა, ვინც ბელარუსშია ან იქ გამგზავრებას გეგმავენ, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია განუჭვრეტელია და რეგიონში მზარდი დაძაბულობაა. ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ვურჩევთ არ იმგზავრონ ბელარუსში.
აშშ-ის ხელისუფლების შესაძლებლობები, რომ ბელარუსში ამერიკის მოქალაქეებს მიაწოდოს სასწრაფო დახმარების პროდუქტები ბელარუსის ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოც თანამშრომლებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ისედაც ძალიან დასაზღვრულია“ - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან მკაფიოდ საუბრობს, მათ შორის ბელარუსის ხელისუფლებასთან, რომ თუ ის რუსეთს უფლებას მისცემს, მისი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, ბელარუსი აშშ-ისგან და მოკავშირეებისგან სწრაფი და მკაფიო პასუხის წინაშე აღმოჩნდება:
„ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებისა და სხვა ეკონომიკური ზომების უპრეცედენტო ბუნებაზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. თუ ბელარუსი - რომელიც წესით სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს - მხარს დაუჭერს ამ შეჭრას, ჩვენი პასუხი სწრაფი და მკაფიო იქნება“.
დასავლეთსა და ბელარუსს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე აშშ–ს შეზღუდული წარმომადგენლობა ჰყავს ბელარუსში. 2021 წლის ზაფხულს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინსკში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა 5-მდე შემცირდა, ოქტომბერში გაუქმდა საჯარო დიპლომატიისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფისები, ბელარუსში ამერიკის ელჩს ჯული ფიშერს კი მეზობელ ლიეტუვაში უწვეს მუშაობა.