
ესტონეთი გერმანიას უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
01/02/2022 10:19:31 ევროპა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსი აგრესორისგან თავდაცვაში.
"მოვუწოდებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, შეისმინონ უკრაინელების თხოვნა დახმარების შესახებ. უკრაინას დღეს აგრესორისგან თავდაცვაში ესაჭიროება მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, თითოეულ ქვეყანას გააჩნია უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი როლი, მაგრამ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, რომ რუსეთი აგრესიულად ამწვავებს სიტუაციას და ამ ვითარებაში ერთიანობა გვმართებს" - განაცხადა კალასმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში.
მან იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატია და დიალოგი გაიმარჯვებს, თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტის რისკი კვლავინდებურად რეალურია.
"ევროპა მზად უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯებისთვის, თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის" - დასძინა კალასმა.