
რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
01/02/2022 11:04:58 ევროპა
რუსეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა – სუ–27–მა ესტონეთის საჰაერო საზღვარი დაარღვია, იუწყება პორტალი ERR.
ირკვევა, რომ ინციდენტი 29 იანვრის დილით მოხდა კუნძულ ვაინდლოოსთან.
საბრძოლო გამანადგურებელმა ესტონეთის სააერო სივრცეში წუთზე ნაკლები დრო დაჰყო.
რუსულ მხარეს არ წარმოუდგენია ფრენის გეგმა, ხომალდი გამორთული გადამცემით დაფრინავდა და არ ჰქონდა კავშირი ესტონეთის საავიადისპეჩერო სამსახურთან.
31 იანვარს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა რუსეთის საქმეთა დროებითი წამმართველი და შესაბამისი ნოტა გადასცა.
მედია წერს, რომ ეს წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევაა. გასულ წელს ხუთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
თავად რუსეთი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ 29 იანვარს ბალტიის ზღვის თავზე ფრენები არ განხორციელებულა. ასევე ირწმუნება, რომ ზოგადად, ყველა ფრენას საერთაშორისო წესების ზედმიწევნით დაცვით ხორციელდება.