
დასავლეთის სანქციები მათ შორის რუსეთის ელიტას და მათ ოჯახის წევრებს შეეხებათ
01/02/2022 11:18:52 ევროპა, მსოფლიო
აშშ–მა რუსული ელიტის და მათი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური სანქციები შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამოქმედდება და იქნება დასავლეთის მხრიდან წნეხის ნაწილი.საქმე ეხება, როგორც კრემლის შიდა წრეს, ასევე მათთან დაახლოებულ ინდივიდებს, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებებში მონაწილეობს.
თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, ამ სანქციებით დიდი ზიანი მიაგდებათ პირებს, რომელთაც მჭიდრო ფინანსური კავშირები აქვთ ევროპასთან:
„შემიძლია, დავადასტურო, რომ ჩვენ შევიმუშავეთ სანქციების სპეციალური პაკეტი, როგორც რუსული ელიტისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ეს ძალისხმევა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ხორციელდება.
ის ინდივიდები, ვისი იდენტიფიკაციაც ჩვენ მოვახერხეთ კრემლის შიდა წრეში არიან ან მათთან დაახლოებულები არიან. ისინი სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ, ან მინიმუმ მონაწილეობენ კრემლის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში. ამ ინდივიდებიდან ბევრი განსაკუთრებით მოწყვლადი სამიზნეა, დასავლეთთან მათი ღრმა და ფინანსური კავშირების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ამ სანქციებით ზიანი მიადგებათ დასავლური ფინანსური სისტემებისგან“.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ მრავალმხრივი სანქციებისა და ეკონომიკური ზიანის, რაც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მიადგება.
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება.