
სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე არმენ სარქისიანის უფლებამოსილება შეწყდა
01/02/2022 11:34:07 კავკასია
სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე არმენ სარქისიანის უფლებამოსილება შეწყდა. ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა შესაბამის პროტოკოლს ხელი მოაწერა, - იუწყება სომხეთის პარლამენტი.
კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების შესრულების დაწყებამდე მის მოვალეობებს პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს, ამ შემთხვევაში - ალენ სიმონიანი. თავად სიმონიანის მოვალეობებს კი მანამდე ვიცე-სპიკერი აკოფ არშაკიანი შეასრულებს, - ნათქვამია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
არმენ სარქისიანმა გადადგომის შესახებ 23 იანვარს განაცხადა და ძირითად მიზეზად იმ თანამდებობრივი უფლებამოსილებების არქონა დაასახელა, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირეულ პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობას მისცემდა.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები თანამდებობის გათავისუფლებიდან არაუადრეს 25 და არაუგვიანეს 35 დღისა ტარდება.
სავარაუდოდ, არჩევნები 25 თებერვლიდან 10 დღის განმავლობაში გაიმართება, - იუწყება სომხური მედია.