
მედია: აშშ მზადაა, რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულ ნატო–ს ბაზებზე რუსი ინსპექტორები დაუშვას
02/02/2022 13:20:54 ევროპა
შეერთებული შტატები მზადაა განიხილოს რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულ ნატოს ბაზებზე რუსეთის დაშვება იქ განთავსებული რაკეტების ინსპექციისთვის,– იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
ამავე წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ კრემლს შეატყობინა თავისი მზადყოფნის შესახებ, ბაზებზე რუსეთის ინსპექტორები დაუშვას. ამასთან, შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შემდეგ, განსაკუთრებით პოლონეთთან და რუმინეთთან.
აშშ საპასუხოდ მოითხოვს ანალოგიური ინფორმაციის წარმოდგენას რუსეთის ბაზების შესახებ, სადაც მფრინავი რაკეტებია განთავსებული.
ცნობილია, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ევროპაში გაემგზავრება ნატოელ მოკავშირეებთან შესახვედრად.
ცნობისთვის: რუსეთი შეშფოთებას გამოხატავს თავის საზღვრებთან ახლოს ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზების განლაგების თაობაზე.
კრემლში ამბობენ, რომ ბაზებზე შესაძლოა, განთავსებული იყოს არა მხოლოდ ანტისარაკეტო რაკეტები, არამედ „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც, რომლებიც პოტენციურად გამოსადეგია ბირთვული ქობინების გადასატანად.