
პენტაგონმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აგზავნის დამატებით სამხედრო კონტინგენტს
03/02/2022 05:57:55 ევროპა, მსოფლიო
პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი ამბობს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება მოითხოვს, რომ გაძლიერდეს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიცია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.
"არსებული ვითარება მოითხოვს, რომ გავაძლიეროთ შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიცია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მზარდ საფრთხეს.
NATO-ს მეხუთე მუხლის და კოლექტიური თავდაცვის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია, ეს ძალები არ იბრძოლებენ უკრაინაში, მათი მიზანია უზრუნველყონ NATO-ს მოკავშირეების საიმედო დაცვა.
ბატონი პუტინი აგრძელებს ძალების ზრდას, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც მან დაამატა ძალები დასავლეთ რუსეთში, ბელარუსში, ხმელთაშუა ზღვაში და ჩრდილო ატლანტიკაში. მას არ გამოუვლენია რაიმე ნიშანი იმისა, რომ დაინტერესებულია ან სურს დაძაბულობის დეესკალაცია." - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.
კირბიმ ასევე თქვა, რომ აშშ-მ ნათლად უნდა აჩვენოს არა მარტო ნატოელ მოკავშირეებს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს, რომ აშშ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს სერიოზულად ეკიდება.
უკრაინის გარშემო არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, აშშ გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტიგენტს ზრდის, 2000 ამერიკელ ჯარისკაცს უახლოეს დღეებში გერმანიასა და პოლონეთში გააგზავნიან. აშშ-ის შეიარაღებული ძალების 8500 ჯარისკაცი უკრაინაში გადასასხმელად კვლავ მზადყოფნაშია.