
უკრაინა თურქეთს თავდაცვითი საშუალებების საგანგებო მიწოდებას სთხოვს
03/02/2022 12:06:32 ევროპა
უკრაინა თურქეთს თავდაცვითი საშუალებების – ჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების საგანგებო მიწოდებას სთხოვს,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რაზნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ჩემს კოლეგასთან მექნება საუბარი თავდაცვითი საშუალებების მოწოდების შესაძლებლობაზე, რადგან როგორც გაირკვა, ნატო–ს ქვეყნების დიდი რიგი დგას მათ შესაძენად“,– განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თურქულ მხარეს განსაკუთრებული პერიოდის გათვალისწინებას სთხოვს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დაგეგმილია ჩარჩო შეთანხმების გაფორმება მაღალი კლასის სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში. ამ შეთანხმების ერთ–ერთი მიმართულება იქნება „ბაირახტარის“ ქარხნის მშნებელობა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
გარდა ამისა, მხარეები იმსჯელებენ შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის და თურქეთის სამხედრო–საზღვაო ძალების თანამშრომლობის შესაძლებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ კიევს დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდღანი ეწვია.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ზელენსკი კოლეგას ტრადიციულად სასახლის შესასვლელთან არ დახვედრია.
ამასთან, ირკვევა, რომ ერდოღანი ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხებს.
თავად ერდოღანმა ვიზიტის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა შედეგიანი იქნება ორი ქვეყნისა და რეგიონისთვის:
„ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებს და რეგიონში დაძაბულობას. თურქეთი, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, ყველა მხარეს თავშეკავებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერისთვის“
ვიზიტის ფარგლებში, გარდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა, დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის ისტორიულ სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას.
„ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ხელს მოვაწერთ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას, რომელიც ათწლიანი მოლაპარაკების ნაყოფს წარმოადგენს“, - მოჰყავს სააგენტო „ანადოლუს“ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, მეჰმედ მუსის მიერ 2 თებერვალს ნათქვამი სიტყვები.
ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ასევე ღონისძიებებში, რომლებიც თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს მიეძღვნება.
გასულ წელს სავაჭრო ბალანსი თურქეთსა და უკრაინას შორის 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ანკარა და კიევი იმედოვნებენ, რომ ახალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა წელს 10 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.