
"ბიბილოვი ხელისუფლებაში მე მოვიყვანე": ქილერების ბანდის სავარაუდო ლიდერი ოს ხალხს ბოდიშს უხდის
03/02/2022 16:33:56 კონფლიქტები
სამი დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებასა და მკვლელობების ორგანიზებაში ბრალდებული ასლან გაგიევი ირწმუნება, რომ ანატოლი ბიბილოვი მან "გააპრეზიდენტა".
«მინდა, ჩემი ხალხის წინაშე ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ თავის დროზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოვიყვანე ანატოლი ბიბილოვი, რომელიც პატიოსანი ადამიანი მეგონა. ბიბილოვის გაპრეზიდენტებაში დახმარება ჟურნალისტმა ელინა მარზოევამ მთხოვა. ახლა ვხედავ, რომ ბიბილოვმა ერს უღალატა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის კურსს გადაუხვია», – განაცხადა სასამართლოს სხდომათა დარბაზში გაგიევმა.
კრიმინალის სიტყვებს მყისიერად გამოეხმაურა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის პრეს-სამსახური. «ანატოლი ბიბილოვს არასოდეს არაფერი აკავშირებდა და აკავშირებს ასლან გაგიევთან. მათ ტელეფონითაც კი არასოდეს უსაუბრიათ. გაგიევს ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლებაში ოსმა ხალხმა მოიყვანა და მსგავსი განცხადებები სწორედ ხალხის შეურაცხყოფას ნიშნავს. გაგიევი კი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება, მხოლოდ მედიის ყურადღების მოპოვებას ცდილობს და მსგავსი განცხადებებით სწორედ ახლა ცდილობს ზეგავლენას სამხრეთ ოსეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე" - ირწმუნება ბიბილოვის პრეს-სამსახური და დასძენს, რომ "ბიბილოვის შეურაცხყოფას აუცილებლად მოჰყვება იურიდიული შეფასება».