
დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს
04/02/2022 14:02:18 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატს დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვს.
დეპუტატის თქმით, მას ბრალი პოლიტიკური მოტივით წაუყენეს, რადგან მმართველმა პარტიამ რუსთავში წინა არჩევნები წააგო.
კირკიტაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ჯგუფური ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან ჩხუბი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 24 ოქტომბერს მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი, "ნაციონალური მოძრაობის" სამი და "ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი. გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანდა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან მისული რამდენიმე პირი როგორ იმუქრებოდა ოპოზიციური პარტიის მისამართით, ისმოდა დაპირისპირებულ მხარეთა გინებაც. კადრებში ასახული იყო, როგორ ურტყამდა ერთ-ერთს ფეხს რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.