
დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
05/02/2022 10:23:53 სამართალი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.
პროკურატურა დეპუტატისთვის10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი – მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
როგორც ადვოკატი ალექსანდრე მგელაძე აცხადებდა, კირკიტაძეს დანაშული არ ჩაუდენია, პირიქით, იგი თავის დაცვის პოზიციაში იმყოფებოდა. პროკურატურის თქმით კი, ბრალდებული კირკიტაძე თავდაცვის მდგომარეობაში არ ყოფილა, ვინაიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არავის განუხორციელებია.
სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დავით კირკიტაძემ და იგი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
კირკიტაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ჯგუფური ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან ჩხუბი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 24 ოქტომბერს მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი, "ნაციონალური მოძრაობის" სამი და "ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი. გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანდა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან მისული რამდენიმე პირი როგორ იმუქრებოდა ოპოზიციური პარტიის მისამართით, ისმოდა დაპირისპირებულ მხარეთა გინებაც. კადრებში ასახული იყო, როგორ ურტყამდა ერთ-ერთს ფეხს რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.