
ბელორუსი სამხედროები პოლონეთთან საზღვარზე ისროდნენ
07/02/2022 10:52:41 ევროპა
ბელარუსი სამხედროები პოლონეთთან საზღვარზე სასიგნალო იარაღიდან ისროდნენ, - იუწყება პოლონეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.
მისი პრეს-სპიკერის - ანნა მიხალსკაიას განმარტებით, ინციდენტი კვირას - 6 თებერვალს საზღვრის სიახლოვეს მდებარე დაბა კრინკებში დაფიქსირდა. 1 თებერვალს კი პოლონელმა ძალოვანებმა საზღვარზე სროლის ანალოგიური ფაქტი აღრიცხეს და ერთ-ერთი რაკეტა პოლონურ მხარეს, სასაზღვრო სამსახურის საგუშაგოს სიახლოვეს ჩამოვარდა.
ამასთან, კვირას, გამთენიისას საზღვარზე დააკავეს იემენის ხუთი მოქალაქე, რომელიც პოლონეთში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა და როგორც შემდგომში გაირკვა, ბელარუსში რუსეთიდან იყო ჩასული.
"მსგავსი პროვოკაციები რეგულარულად ფიქსირდება. წლის დასაწყისიდან საზღვრის არალეგალური კვეთის უკვე 1,1 ათასი შემთხვევაა აღრიცხული, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არც ერთი არ იყო. რაც ამჟამად პოლონეთ-ბელარუსის სახღვარზე ხდება, არანორმალური ვითარებაა" - აღნიშნა მიხალსკაიამ.
ცნობისთვის: პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთსა და ბელარუსს საზღვრებზე ხელოვნურად შექმნილი სამიგრაციო ნაკადის გამოყენებით ჰიბრიდულ აგრესიაში ადანაშაულებენ. გასული წლის აგვისტოში კრიზისის დაწყების მომენტიდან პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასულმა 40 ათასზე მეტმა უცხოელმა სცადა.
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა და მავთულხლართებით დროებითი წინაღობები აღმართა, მიმდინარე წლის ივლისამდე კი 5 მ სიმაღლისა და 200 კმ სიგრძის მუდმივი გალავნის აგებას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოები იანვრის ბოლოს დაიწყო.